,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“„საქართველოს ფოსტის“ განცხადებას ეხმიანება, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია მონიტორინგს უწევს საქართველოს საფოსტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს.
" მონიტორინგისას იკვეთებოდა საქართველოს მთავრობის მცდელობა შეეზღუდა კონკურენცია და უპირატეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა „საქართველოს ფოსტა“ კერძო კომპანიების ხარჯზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #30 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის #40 დადგენილება და „ფოსტის შესახებ“ კანონის პროექტი, რომელზეც მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.
აღნიშნულ პრობლემატურ ტენდეციებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი განცხადება გავავრცელეთ. გარდა ამისა, 2013 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მიმართა სასამართლოს ფინანსთა მინისტრის ზემოთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების მიზნით.
ორგანიზაციამ საქმე ყველა ინსტაციაში მოიგო და ბრძანების გაუქმებასაც მიაღწია.
ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომლითაც ანალოგიური შინაარსის მთავრობის დადგენილების გაუქმებას ვითხოვდით, და ამ დავაშიც, ასევე, უცილობლად გავიმარჯვებდით, თავად მთავრობას რომ არ გაეუქმებინა თავისივე დადგენილება.
უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის თავდაპირველი ვერსია ასევე უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს ფოსტას. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულნი კანონის დახვეწის პროცესში, რის შედეგადაც პირველადმა ვერსიამ ცვლილებები განიცადა. დღევანდელი მდგომარეობით, კანონზე მუშაობა შეჩერებულია, მათ შორის, საქართველოს ფოსტის საპრივატიზაციაო ნუსხაში შეტანის გამო.
მთავრობის მიერ კონკურენციის შეზღუდვის სწორედ ეს მცდელობებია შესწავლილი კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოაქვეყნა 2015 წლის თებერვალში. ამ მოცემულობაში გაუგებარია „საქართველოს ფოსტის” პრეტენზიები კვლევის დასკვნებთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კვლევის დასკვნებისა და ყველა ჩვენი განცხადების სისწორეს, მითუმეტეს რომ მთავრობის მცდელობების არამართებულობა სასამართლო გადაწყვეტილებებითაც დასტურდება". -ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ,,საქართველოს ფოსტა გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” 27 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშს „კონკურენციის პოლიტიკა: საფოსტო მომსახურების ბაზარი საქართველოში".
განცხადებაში საქართველოს ფოსტამ აღნიშნა, რომ კვლევა არ ასახავს რეალობას და სავარაუდოდ, მიმართულია კომპანია „საქართველოს ფოსტის" ბიზნეს რეპუტაციის შელახვისკენ.
მასალის გამოყენების პირობები