საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა დამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე,საკვებ პროდუქტებსა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ 2015 წლის აპრილის ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში, 2015 წლის მარტთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის აპრილთან შედარებით კი, 8,7 პროცენტით. 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 78,4 პროცენტით.
"2015 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელ მრეწველობაზე ფასების 2,7 %-ით ზრდამ, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქიმიურ წარმოებაზე (22,8%) და საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (1,9 %)", - ნათქვამია განცხადებაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე - დამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება.
"დამამუშავებელი მრეწველობა - ფასები 11,1 პროცენტით გაიზარდა და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 9,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (18,1 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (6,9 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (30,7 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - ფასები შემცირდა 4,1 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,54 პროცენტული პუნქტით აისახა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები