საზოგადოება
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 1-ელი ივლისიდან გადადის
საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე პირველი ივლისიდან გადადის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ტელემაუწყებლობის გავრცელების და მიღების რეჟიმი, რომელიც დღეს მოქმედებს, არსებითად იცვლება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ. სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც. ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დასჭირდება, თუ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ.როგორც კომისიაში განმარტავენ, სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, "საქართველოს ფოსტის" შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს. მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ასევე, არ აქვს DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მიმღები ტელევიზორი, სეტ-ტოპ-ბოქსი უნდა შეიძინოს, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება. სეტ-ტოპ-ბოქსის შეძენის დროს მომხმარებლმა სასურველია შემდეგ მინიმალურ ტექნიკურ პარამეტრებს მიაქციოს ყურადღება, კერძოდ, აქვს თუ არა მიმღებს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა; აჩვენებს თუ არა ქართულ პროგრამებს; შეუძლია თუ არა ქართული შრიფტის აღქმა და პროგრამების გზამკვლევის ჩვენება; მოჰყვება თუ არა ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია და HDMI, RCA ან SCART კაბელი; აკმაყოფილებს თუ არა სეთ-თოფ ბოქსი უსაფრთხოების სტანდარტებს; საგარანტიო პირობები.მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალაქის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება. ანალოგიური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკი კი შემდეგია: 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე - გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება; 2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე - ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონში, სენაკში; 2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე - ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში; 2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე - ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში. 2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე - ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში; 2015 წლის 25 აგვისტოს- 10:00 საათზე დმანისში, ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში.
"bpn"
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები