ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა საერთო რაოდენობას 1300 აპლიკანტი გამოაკლდა.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს ის მე-12 კლასელები არიან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყვნენ, თუმცა საატესტატო გამოცდები ვერ დაძლიეს და ამის გამო კონკურსს გამოეთიშნენ.
„რეგისტრაცია, რამდენადაც მახსოვს 40 065-მა აპლიკანტმა გაიარა, მაგრამ საატესტატო გამოცდების ჩატარების შემდგომ გარკვეულმა რაოდენობამ ვერ აიღო ატესტატი და სწორედ მათგან 1300 აღმოჩნდა ისეთი სკოლადამთავრებული, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. თავისთავად, ეს 1300 აპლიკანტი გამოეთიშება კონკურსს და ისინი სამწუხაროდ ვერ ჩააბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს“,- განაცხადა მაია გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები