საზოგადოება
800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შესაძლოა, შეეზღუდოს
2016 წლის პირველ იანვრამდე შესაძლოა, 25-მდე მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის პირს პრემიის მიღების უფლება შეეზღუდოს. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია. მისი თქმით, ინიციატივის მომზადება საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული "ქამრების შემოჭერის პოლიტიკის" მხარდაჭერაა.
ინიციატივის თანახმად, 24 რანგი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს ეხება, ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგი თანამდებობის პირებს: საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი. პრემიის მიღების უფლება ამ კანონის მოქმედების ვადით შეეზღუდება შემდეგ თანამდებობის პირებს: საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მინისტრს (სახელმწიფო მინისტრს) და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, შემოსავლების სამსახურის უფროსს და მოადგილეებს, გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს და მის მოადგილეს, მოსამართლეს, საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს -იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები