პარლამენტმა მესამე მოსმენით "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე, აფხაზური. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე.
კანონპროექტი ადგენს, რომ სახელმწიფო ენაზე სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლების მიღება არის საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება; საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა, ხოლო არასახელმწიფოენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან შესაბამის კონტინგენტს შესთავაზონ სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური კურსი; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალური საქმისწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე; სამართალწარმოებისა და საკანონმდებლო საქმიანობის ენაა სახელმწიფო ენა; საქართველოს სამხედრო და გასამხედროებულ ძალებში ოფიციალური საქმიანობა ხორციელდება ქართულ ენაზე; რეფერენდუმის, პლებისციტის და სხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ენა არის სახელმწიფო ენა; კონკურსებისა და ატესტაციების ენა არის სახელმწიფო ენა; აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომის წარდგენა და დაცვა ხდება სახელმწიფო ენაზე.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შექმნას სათანადო პირობები, სახელმწიფო ენის შესწავლისა და გამოყენებისთვის; მუდმივად იზრუნოს ქართველურ ენა-კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიურ და აფხაზოლოგიურ კვლევებს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყოველი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას. კანონპროექტის მიხედვით კი, ამ მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა დასტურდება: სახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით; საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი არასახელმწიფოენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დოკუმენტით; სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარების დოკუმენტით (სერტიფიკატით).
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალიწინებს საქართველოს მთავრობასთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნას. დეპარტამენტი მოიაზრება როგორც ინსტიტუცია, რომელსაც სახელმწიფო ენის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება, ენის განვითარებასა და შესწავლაზე ზრუნვა დაეკისრება.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები