რა არის თამბაქო? მოკლედ რომ ვთქვათ, მისი წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და შესაბამისად ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. თამბაქო მავნებელია როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის, თუმცა მის წევას კაცებს არავინ უკრძალავს, ქალებზე კი თავის დროზე უამრავი სტერეოტიპი იყო გავრცელებული, რომელიც არა ჯანმრთელობის გაფრთხილებას, არამედ ქალის პატიოსნებას უკავშირდებოდა. ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპი, რომელიც ქალისა და თამბაქოს „ურთიერთობას“ უკავშირდება, ქალის მსუბუქ ყოფაქცევასთან უსვამს ხაზს და ის გასულ საუკუნეში საკმაოდ იყო გავრცელებული, თუმცა მისი დამსხვრევა 21-ში არც ისე ადვილი აღმოჩნდა, განსაკუთრებით რეგიონებში.
სამეგრელოში ისევ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თამბაქოს მწეველ ქალებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებად მოიხსენიებენ, თუმცა მსგავსი შეხედულებების მქონე პირების რაოდენობა ბევრად შემცირდა, სამაგიეროდ ისევ აქტუალურია ტერმინი „არ არის ლამაზი, ქალი რომ ეწევა“. სწორედ მსგავსი შეხედულებების გამო რეგიონში მწეველი ქალების დაახლოებით, 90% (თუ მეტი არა) მალავს, რომ ეწევა.
„ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის“ მცირე გამოკითხვა ჩაატარა, თუმცა არც ერთი მწეველი ქალი ვინაობის გამხელას არ დათანხმდა. პირდაპირი და სატელეფონო მეთოდით რეგიონში როგორც ცნობადი, ისე უცნობი ქალბატონები და მამაკაცები გამოვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონსა თუ ქალაქში ქალების დიდ ნაწილს ისევ ეშინია გაამხილოს, რომ ეწევა. კაცების ნაწილს კი ზოგადად, გართულება არ აქვს, მაგრამ მწეველ ქალს ცოლად არ მოიყვანს.
ნათია 50 წლის: „საზოგადოებაში ვტრიალებ და ყველა მიცნობს, თუმცა მხოლოდ მეგობრების წრეში ვეწევი, ყველასთან არა. დედაჩემმა რომ გაიგოს, შეიძლება, ამ ამბავს გადაყვეს. მწეველ ქალს რომ დაინახავს, წყევლის. არც ფოტოებს ვიღებ სიგარეტით ხელში. ვაი და ვინმემ სოციალურ ქსელში ნახოს და დედაჩემს უთხრას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩვენთან ამ საკითხის ირგვლის შეხედულებები არ იცვლება“.
დათო 28 : „ჩემი მეგობარი გოგონები ეწევიან, გართულება არ მაქვს, მაგრამ მწეველ გოგოს ცოლად ვერ მოვიყვან. არც იმის უფლებას მივცემ, მერე დაიწყოს მოწევა“
მაია 26 წლის: „არასდროს მომიწევია, მოზარდობის პერიოდში მახსოვს, მამაჩემი ამბობდა, რომ ვერასდროს შეეგუებოდა ჩემს მწეველობას. სხვაზე არ ჰქონდა გართულება, მაგრამ საკუთარ შვილზე - კი“.
მურთაზი 60 წლის: „ჩემს ახალგაზრდობაში მწეველ ქალებს მეძავებად მოიხსენიებდნენ, ახლა ასე არაა, მაგრამ არ არის ლამაზი, ქალი რომ ეწევა, შვილო. მოწევა კაცის საქმეა და არა ქალის“.
ელენე 32 წლის: „ჩემმა ქმარმა იცის რომ ვეწევი, მაგრამ ოჯახის დანარჩენმა წევრებმა - არა. არ მინდა, ვინმემ გაიგოს. ჩვენთან დღემდე სირცხვილად ითვლება მოწევა. ათას რამეს დამაბრალებენ მერე, „კუდებს გამოაბამენ“.
ერეკლე 20 წლის: „ჩვენთან, ჯგუფში თითქმის ყველა გოგო ეწევა, ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ჩემს დას არ მოვაწევინებ. არ მომწონს მაინც“.
თათია 18 წლის: „მე და ჩემი მეგობრების ნაწილი ვეწევით, მაგრამ ძალიან ჩუმად. სადმე შევიკრიბებით, მოვწევთ, მერე კბილებს გამოვიხეხავთ, საღეჭ რეზინს დავღეჭავთ და ისე მივდივართ სახლებში. ღმერთმა არ ქნას, ცემმა მშობლებმა რომ გაიგონ“.
ბაჩანა 38 წლის: „ჩემს სამეგობროში არიან ქმრები, რომლებიც ცოლებს მოწევას არ უშლიან, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა სამეგრელოში, ან თუ ხშირია, არავინ იცის. ჩვენთან ეს მაინც მიუღებლად ითვლება".
ასეთია სხვადასხვა ასაკისა თუ კატეგორიის ადამიანების აზრი, თუმცა რესპოდენტებიდან არც ერთს იმაზე არ უსაუბრია, როგორ აზიანებს ორგანიზმს თამბაქო, არც ერთს არ უთქვამს, რომ ქალმა არ უნდა მოწიოს, რადგან მან შვილი უნდა გააჩინოს და ჯანმრთელი ორგანიზმი უნდა ჰქონდეს. გამოკითხვის დროს საუბარი მხოლოდ იმ მიმართულებით ვითარდებოდა, ვის რა შეხედულება აქვს მწეველ ქალებზე.
ასაკობრივი კატეგორიით თუ ვიმსჯელებთ, ძველი სტერეოტიპები ძირითადად, 50-ს გადაცილებულ მოქალაქეებშია შემორჩენილი, სამაგიეროდ, ის, სტერეოტიპი, რომ „ქალის მოწევა ულამაზოა“, ახალგაზრდა თაობაში ისევ საკმაოდ არის გავრცელებული. თინეიჯერებში მსგავსი შეხედულებები თითქმის აღარაა, თუმცა მენტალობიდან გამომდინარე ეს კატეგორიაც გარკვეული სტერეოტიპებით ცხოვრობს.
რატომ არ უნდა მოწიოს ქალმა? იმიტომ რომ სტერეოტიპებმა მისი ღირსება არ შელახონ, თუ იმიტომ, რომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს? სამწუხაროდ, მიზეზებზე საუბრისას ყოველთვის იკარგება მთავარი - „მოწევა კლავს!“ და კლავს როგორც ქალს, ისე მამაკაცს.
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
ლევან სულაშვილი
მასალის გამოყენების პირობები