საზოგადოება
სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას განახორციელებს
საქართველოს მთავრობამ წლევანდელი რთველის სუბსიდირებაც გადაწყვიტა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინფორმაციით, "რქაწითლისა" და "კახური მწვანის“ ჯიშის ყოველ კილოგრამ ყურძენზე 35 თეთრი გაიცემა, ხოლო "საფერავზე" – 15 თეთრი.
ოთარ დანელიას თქმით, ზოგადად, რეგიონში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ ექსპორტის შემცირება გამოიწვია, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირების გამო კი მთავრობა წელს აღარ გეგმავდა რთველის სუბსიდირებას. „მაგრამ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკურ გუნდთან ერთად მიღებულია სუბსიდირების გადაწყვეტილება, რაც არსებულმა მდგომარეობამ განაპირობა“, - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ოთარ დანელიას ინფორმაციით, წელს სუბსიდიას მიიღებენ არა ღვინის მწარმოებელი კომპანიები, არამედ მევენახეები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის საკოორდინაციო შტატები თელავსა და გურჯაანში განთავსდებიან და მუშაობას აგვისტოს ბოლოდან დაიწყებენ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები