2008 წლის ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 31 წლის გახდებოდა. გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ. კერძოდ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის საფლავი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალმა გიორგი სურმავამ და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ ჟურნალისტებთან ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ღვაწლის შესახებ ისაუბრა და მისი გმირობის ფაქტი გაიხსენა.
ლოლაძის თქმით, გიორგი ანწუხელიძემ ეროვნული გმირის წოდება მართლაც ღირსეულად მიიღო. წამების მიუხედავად იგი არ გატყდა და მტერს არ დანებდა.
"მან მთელ საქართველოს და მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა. მისი ხსოვნა მუდამ იქნება ყველა ქართველის გულში", - აღნიშნა ბესიკ ლოლაძემ.
მასალის გამოყენების პირობები