საქართველოს საჯარო სკოლებში, ქვეყნის მასშტაბით სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. ლია გიგაურის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა. კერძო სკოლები თუ სწავლას გვიან დაიწყებენ სასწავლო წლის დამთავრება მათ საკმაოდ გვიან მოუწევთ.
დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ დარეგისტრირებულია 46 660 მოსწავლე. განათლების სამინისტროს 820-მა მშობელმა მიმართა, რომელთაც შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს სხვადასხვა მიზეზის გამო და ეს პერიოდი გამორჩათ, ამიტომ 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები