საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
2013 წლის 30 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
ანგარიში ეხება უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის ძირითად ტენდენციებს საქართველოში.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„2012 წელი იყო უმნიშვნელოვანესი წელი საქართველოს ისტორიაში. პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ მოხდა ხელისუფლების არაძალადობრივი გადაცემა არჩევნების გზით.
არჩევნების შემდეგ მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებების სერიოზული გაუმჯობესება შეინიშნება. თუმცა, ამავდროულად, გამოიკვეთა არაერთი მიმართულება სადაც სერიოზული პრობლემები ფიქსირდება.“
ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში, ფსიქიატრიული დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებებში და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზს.
ანგარიშში დეტალურად არის საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და გაანალიზებულია სხვადასხვა ხასიათის უფლებადარღვევები.
ანგარიში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით შესწავლილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაში გამოვლენილ პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, მოყვანილია თენგიზ გუნავას, ბაჩანა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, დავით ახალაიას და სხვა პირთა საქმეები, რომელთა შესახებ საკუთარი რეკომენდაციები საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას.
საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი 2012 წლის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა. სახალხო დამცველი ასევე ხაზს უსვამს საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის საკმაოდ არასასურველ ტენდენციაზე.
2012 წელს გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენდა, შესაბამისად, იგი წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება იყო.
2012 წელი ამავდროულად გამოირჩეოდა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა უფლებების დარღვევების უპრეცედენტო სიმრავლით. აღნიშნულის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდი წარმოადგენდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის და ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა შეისწავლა.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ, მოქალაქეების მხრიდან უკიდურესად გაიზარდა მიმართვები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.
საანგარიშო პერიოდში ასევე დაფიქსირდა შეკრება-მანიფესტაციის დროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რამდენიმე ფაქტი, არაერთხელ დაირღვა ინფორმაციის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლება საჯარო დაწესებულებების უფლებამოსილი პირების მიერ.
2012 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა რელიგირ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა, თუმცა არასასურველ ტენდენციად ჩამოყალიბდა რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენის გამოყენება და ქსენოფობია.
ანგარიშში ასახულია ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს სექსუალური უმცირესობების უფლებების კონკრეტული დარღვევების შესახებ სახალხო დამცველისათვის არ მოუმართავთ, მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც დამატებით კვლევას საჭიროებს.-ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები