საზოგადოება
28 სექტემბერს ალავერდობა აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი ასურელი მამის, ამბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
დღესასწაულის დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა მე-40-ე ნათლობა გაიმართება. წმინდა იოსებ ალავერდელი თორმეტ ასურელ მამასთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, ამბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზეც უფალი აწამეს.
ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. დიდი შრომის შემდეგ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით იმ მიდამოებში სანადიროდ იყო გასული. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ალავერდის უდაბნოში ტაძარს ააშენებდა და საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს.
მალე წმ. იოსების ღვაწლით იმ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა. წმინდა მამა მისსავე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები