ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ პატიმრების მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ბრალდებით რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
საჯელაღსრულების N16 დაწესებულების დირექტორის ყოფილ მოადგილეს დავით მუმლაძეს, დირექტორის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომელიც დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა ვაჟა ცხვედიანს და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს იონა ლუტიძეს ბრალად პატიმრების ცემა-წამება და დამცირება ედებათ. აღნიშნული პირები ორგანიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ ახორციელებდნენ მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და დამცირებას. მათი ქმედება მიზნად ისახავდა პატიმრების დაშინებას და იძულებას - შეესრულებინათ ან უარი ეთქვათ რაიმე ქმედების შესრულებაზე, ასევე დასაჯას მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიღებისას, მათი დათრგუნვისა და დემორალიზების მიზნით, უშუალოდ დავით მუმლაძის და ვაჟა ცხვედიანის ხელმძღვანელობით ხდებოდა მსჯავრდებულთა სპეცრაზმის მიერ გაკეთებულ ე.წ კორიდორში გატარება, რა დროსაც მათ აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც მათ აშიშვლებდნენ და აიძულებდნენ ერბინათ დაწესებულების ტერიტორიაზე. მსჯავრდებულებს სისტემატიურად უკეტავდნენ სარკმელებს და საკნის კარებებს, რათა პატიმართა საუბრებს ხელი არ შეეშალათ მათთვის ფეხბურთის თამაშში და იმავდროულად მაღალი სიცხის გამო მსჯავრდებულები ყოფილიყვნენ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის ქვეშ.
დაკავებულ პირებს უკვე წარედგინათ ბრალდებები. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები