საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე განაცხადა, რომ აბრეშუმის გზა უზარმაზარ პოტენციალს აძლევს სახელმწიფოებს. მისი თქმით, საქართველო ჩინეთის შემდეგ იქნება პირველი ქვეყანა, სადაც აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.
"ერთი წლის წინ გამოვეხმაურე ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით. ერთი წელი ვიმუშავეთ, რომ ეს დღე დამდგარიყო და გამართულიყო ფორუმი. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩინეთის მთავრობასთან ერთად ფორუმის ორგანიზატორი არის საქართველოს მთავრობა. აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა არის "ერთი გზა - ერთი სარტყელი" ანუ აბრეშუმის ახალი გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს აძლევს სახელმწიფოებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასშტაბური საინვესტიციო ფორუმი თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებას საქართველოს 31 ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის სხვადასხვა მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ცნობილი ეკონომისტები და ჟურნალისტები.
მასალის გამოყენების პირობები