წმინდა ცეცხლის ჩამოსაბრძანებლად საქართველოდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას ხელმძღვანელობით იერუსალიმში მომლოცველთა ჯგუფი დღეს გამთენიისას გაემგზავრა.
120-კაციან მომლოცველთა ჯგუფში სასულიერო პირებიც არიან. მომლოცველები წმინდა ცეცხლს თბილისში 4 მაისს, სააღდგომო ლიტურგიის დაწყებაბამდე ჩამოაბრძანებენ. აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს სამებაში მიაბრძანებენ, საიდანაც იგი შემდეგ ტაძრებში გავრცელდება.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ქართველი მომლოცველები 1995 წლიდან ჩამოაბრძანებენ.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ზეციური ცეცხლი პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
მასალის გამოყენების პირობები