ომბუდსმენი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე
საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო
და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის,
სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის
შექმნის შესახებ რეკომენდაციით მიმართავს.
ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით
სკოლებში, ბაღებსა და ბავშვთა სახლებში უსაფრთხო და უვნებელი წყლის
ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით
არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო
სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაერო-ს ბავშვის უფლებათა
კონვენციის ძირითად პრინციპებს.
”სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის
თანახმად, 2015-2016 წლებში გამოკვლეული იქნა სასმელი წყლის 129
სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი
არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58
დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“
მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე
მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის
გამოწვეული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, საჭიროა მონიტორინგის სახელმწიფო
ორგანო, რომელიც სასმელი წყლის შესახებ რეგულარულ კონტროლს უნდა
აწარმოებდეს. ასევე, აუცილებელია, რომ განათლებისა და ჯანდაცვის
სამინისტროებმა აქტიურად ითანამშრომლონ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის, ასევე, ამ
კუთხით დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.
მასალის გამოყენების პირობები