ავღანეთში დაღუპულ შვიდ ქართველ სამხედროს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დაკრძალვას მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრებიან.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კახეთში, სოფელ ენისელში კაპრალ თეიმურაზ ორთავიძის დაკრძალვას დაესწრება. კაპრალებს გიორგი ადამოვს, ბორის ცუგოშვილს და პირველი კლასის რიგითს, ზურაბ გურგენაშვილს კი, გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლია ალასანიამ ავღანეთში დაღუპულების ოჯახებს გუშინ მიუსამძიმრა. ირაკლი ალასანია გორში, კარალეთში, ძეგვში, რუსთავსა და მარტყოფში იმყოფებოდა. მასთან ერთად დაღუპულთა ოჯახებში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეებიც მივიდნენ.
შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები თეიმურაზ ორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითები ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 6 ივნისს, ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
მასალის გამოყენების პირობები