ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიებისთვის განცხადებას ავრცელებს
ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების
მსურველი პარტიებისთვის საინფორმაციო,
სარეკომენდაციო განცხადებას ავრცელებს:
„შეგახსენებთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ 142-ე მუხლის თანახმად, პარტია, რომელიც რეგისტრირებული იყო
და მონაწილეობდა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში დამოუკიდებლად, ან
საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ან/და არჩევნების დანიშვნის დღისთვის
ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით მიმართავს
ცესკოს თავმჯდომარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის
დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში (არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 57-ე დღისა).
კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, პარტიებისთვის გამარტივდა
საარჩევნო რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები. კერძოდ, პარტიას აღარ
ესაჭიროება მისი წესდებისა და სარეგისტრაციო მოწმობის დედნების ან
მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლების ცესკოში წარმოდგენა. ცესკოს
თავმჯდომარისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ
განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგანეტოს მიერ ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის
ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
(პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის
უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.
ვინაიდან საჯაროდ გაცხადებულია, რომ ოქტომბრის მესამე კვირის
ბოლოსთვის იგეგმება არჩევნების ჩატარება და მოახლოვდა არჩევნების
დანიშვნის თარიღი, რომელიც გულისხმობს არჩევნების დანიშვნას 60 დღით
ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია რეკომენდაციას უწევს შესაბამის
პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებზეც ვრცელდება 142-ე მუხლის
მოქმედება, მიმდინარე კვირიდან, ან პრეზიდენტის მიერ განკარგულების
გამოცემის დღიდან, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს ამონაწერის მოთხოვნის მიზნით“, - ნათქვამია ცესკოს მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები