რეგიონი
2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ზუგდიდში - არასამთავრობოებისა და პოლიტიკოსების შეფასებები
რით იყო გამორჩეული 2017 წელი ზუგდიდისთვის და რატომ? როგორ აფასებთ მიმდინარე წელს განვითარებულ მოვლენებს და მათ შედეგებს ზუგდიდში? ამ კითხვით რადიო „ათინათმა“ ზუგდიდში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა. ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ 2017 წელს ზუგდიდისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევა და მუნიციპალიტეტების გაერთიანება იყო, რასაც უარყოფით მოვლენად აფასებენ. აღნიშნული საკითხი საერთოდ არ მოხვდა მმართველი ძალის გამოკითხული წევრების ჩამონათვალში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ამახვილებენ.

ლევან შონია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი:


2017/12/27/b090979b6d782e0a1859b9f3e950fea7.jpg" border="0" width="600">


2017 წელი ზუგდიდისთვის, ისევე როგორც მთელი რეგიონისთვის, წარმატებული იყო. ჩენ გვქონდა ძალიან ბევრი გამოწვევა, თუმცა ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდა და ჩვენ შევძელით ეს წელი ზუგდიდის დამახსოვრებოდა იმით, რომ დავიწყეთ ისტორიული თეატრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია, ავარიულ მდგომარეობაშია, ეს წელი დასამახსოვრებელია იმით, რომ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, ეს არის ახალი სიცოცხლის დასაწყისი არამარტო ზუგდიდისთვის, არამედ რეგიონისთის. ეს არის ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის დასაქმების და ეკონომიკის განვითარების მხრივ. დაპროექტდა, ტენდერი ჩატარდა და იწყება ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ბოტანიკური ბაღის პრობლემა ათეული წელია მოუგვარებელია. წელს განხორციელდა ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სოფლის გზებს, წყალმომარაგებას, განათებას ეხებოდა. ქალაქ ზუგდიდში უკვე გავანათეთ ყველა ქუჩა და ჩიხი, აქტიურად მიმდინარეობს წყლის და წყალარინების პროექტები, რომლის დასრულებისთანავე შიდა გზების სრული რეაბილიტაცია დაიწყება. 2017 წელი გამოირჩევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვს ბევრი ძალიან კარგი სოციალური პროექტით.

ხათუნა ბეჭვაია - არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“:



2017 წელს მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ქ. ზუგდიდის გაერთიანება. ორი თვითმმართველი ერთეულისგან შეიქმნა ერთი თვითმმართველი ერთეული, რომელსაც მოჰყვა უარყოფითი მხარეც, რამოდენიმე ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ჩატარდა ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნები და არჩეული იქნა ახალი მერი, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იქნება აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი. საბოლოოდ გადაწყდა ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელშიც დასაქმდება ასეულობით ადამიანი, რადგან უმუშევრობის მაღალი დონეა რეგიონში. ზუგდიდში გადაწყდა და დაიწყო თეატრის რეაბილიტაცია, რომელი თეატრიც უკვე წლებია დაკეტილია, ამიტომაც იქ არ იდგმებოდა სპექტაკლები. წელს გადაწყდა, რომ მოხდება ზუგდიდში არსებული უნიკალური ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია უკვე წლებია.

ლაშა გოგია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი:



ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 36 მლნ ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 624 მეტრ გზას, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 7 ხიდს, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 3 001 577 ლარი შეადგინა. წელს, მუნიციპალიტეტმა ახალი პროექტი ,,ერთი თბილი ოთახი“ დაიწყო, რომელიც მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის ერთი ოთახის კეთილმოწყობას. (11 ოჯახს გაურემონტდა ერთი ოთახი) წელსვე 25 სოციალურად დაუცვენ ოჯახს, გადაეცა ახალი სახლი. დაინერგა ორი ახალი პრაქტიკა, „უფრო ახლოს ხალხთან“ და „კარდაკარ საჭიროებებზე“. ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-თან ერთად ინოვაციურ პროექტს ,,ხანდაზმულემზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ ახორციელებს.

ანი წითლიძე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე:



ზუგდიდისთვის გამორჩეული იყო იმით, რომ ზუგდიდს ქალაქის სტატუსის მინიჭების 100 წლის იუბილეზე, 2017 წელს 'ქართულმა ოცნებამ" წაართვა თვითმმართვლი ქალაქის სტატუსი, გააერთიანა ორი მუნიციპალიტეტის და გაურკვეველი სტრატეგიით დაიწყო ფუნქციონირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა. საფხბურთო კლუბი "ზუგდიდი" გავარდა ჯერ უმაღლესი ლიგიდან, შემდეგ კი საერთოდ მესამე ლიგაში გადაინაცვლა. მნიშვნელოვანი იყო 2017 წლის არჩევნებითაც, რომელმაც კიდევ ერთხელ ანახა, რომ მმართველი ძალისთვის ზუგდიდელების ნება სულერთია და სუს-ის სპეცოპერაციის შედეგად აირჩა ქალაქის მერი. ასევე ხელისუფლება ფაქტიურად უძლური აღმოჩნდა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში და მთლიანად განადგურდა 2017 წელს სოფლის მოსავალი სოფლებში.


მერაბ ქვარაია - ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი:



უპირველეს ყოვლისა, ზუგდიდისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის 2017 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებით. მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიულად და სიმშვიდით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და როგორც მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებები, ასევე ახალი ადგილობრივი ხელისუფლების ფორმირება. ზუგდიდში წელს ფაქტობრივად დასრულდა ახალი სტადიონი, ჩატარდა წყლის და კანალიზაციის მნიშვნელოვანი სამუშაოები და დაიწყო ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რაც ყველაზე მთავარია საფუძველი ჩაეყარა და დაიწყო პორტის მშენებლობა. არ უნდა გამოგვრჩეს კიკბოქსინგში დავით ქირიას და მკლავჭიდში დავით სამუშიას საჩემპიონო გამარჯვებები.


ეკა მინჯორაია - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი:



ზუგდიდისთვის მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა, რომელსაც სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად ახორციელებს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2017 წელს არაერთი შეხვედრა მოეწყო ქალაქ ზუგდიდის მერთან მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, სადაც საბჭოს წევრები მერთან ერთად ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ, მისგან ისმენდნენ კითხვებზე პასუხებს და აძლევდნენ რეკომენდაციებს. თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მოსალოდნელ ცვლილებებზე და კერძოდ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების თაობაზე არაერთი საჯარო შეხვედრა გაიმართა ექსპერტების, არასამთავრებო ორგანიზაციების, მოქალაქეების და მედიის მონაწილეობით 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნა, რომელმაც ხელი შეუწყო რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტის ამომრჩეველს მერობის კანდიდატებისაგან და სხვა საარჩევნო სუბიექტებისგან მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროგრამებზე, ჩართულიყვნენ დისკუსიებსა თუ დებატებში, რათა არჩევნებზე გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.

არჩილ თოდუა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი:




2017 წელს მკვეთრად უარყოფითი მოვლენა ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, ზუგდიდის ქალაქის და თემის საკრებულოს წევრთა უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი, მათ შორის იმათ, ვინც რამდენიმე წლის წინ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოდა. პოზიტიური მოვლენა კი ანაკლიის პორტის მშენებლობასთანაა დაშორებულ., როგორ ვიცით, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, იმედია, მალე დაიწყება მასშტაბური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ზუგდიდის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას.


ბათლომე შელია - ევროპული საქართველოს წევრი:



2017 წელი საარჩევნო წელი იყო და ამ თემაზე თუ ვილაპარაკებთ, თორემ ყველა სფეროში პრობლემების და უკუსვლის გარდა ვერაფერს გამოვყოფთ. პირველი ის, რომ ხელისუფლებამ უკან წაიღო თავისი უიშვიათესად წარმატებული ნაბიჯი ჩვენი ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე და წაგვართვა ის, რასაც სამი წლის წინ ისტორიულ გადაწყვეტილებას ეძახდა და საზოგადოებაც ასე იყო განწყობილი. შემდეგ იყო არჩევნები, სადაც პრაქტიკულად საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოლიტიკური მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, სხვადასხვა საარჩევნო მანიპულაციით, ხელისუფლებამ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა... პრობლემებს შორის კი აუცილებლად გამოსაყოფია ფაროსანას მიერ ჩვენი მოსახლეობის მოსავლის პრაქტიკულად სრულად განადგურება, რომლის შედეგი უმძიმესია და არავინ ცდილობს ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ადამიანებს მიყენებული ზარალი.


ჯემალ ჭკადუა - საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი:



2017 წელს ქალაქ ზუგდიდში რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა (საქართველოს კონსტიტუციის პროექტის განხილვა, GEM Fest-ის ფესტივალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები), მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა და ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება იყო, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უნდა შეფასდეს. გაერთიანების პროცესი საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის და მათი აზრის შესწავლის გარეშე წარიმართა, მაშინ როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გაყოფის/გაერთიანების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაგზავნილ წარდგინებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები უნდა დაერთოს. 2017 წელს, „სუფთა რეგიონში“-ს ნომინაციაზე ყველაზე „სუფთა ქალაქი“ შერჩეულ იქნა ზუგდიდი, რაც მიმდინარე წელს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე გამორჩეულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.