მიუსაფარი ცხოველების დაცვის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიის
წინ მდებარე შენობის კედელზე სამოქალაქო
აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ კატები და ძაღლები დახატა. მისი თქმით,
სტენსილის განთავსების იდეა თანაქალაქელებისა და ადგილობრივი
ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად გაუჩნდა, ნახატების მომზადება კი
თებერვლიდან დაიწყო.
“მომიშინაურე და გამაგდე, შენს მეგობარს მაწანწალა დამარქვი“ - ეს
არის ნახატების იდეა და მთავარი აზრი. ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის
გაერთიანებით რესურსი საკმარისად გაგვეზარდა, რათა საკუთარი
თავშესაფარი გვქონდეს. არ შეიძლება ისევ „ყასაბზე“ ვიყოთ
დამოკიდებულები, შეგვიძლია რეგიონში სერვისის მიმწოდებლები ვიყოთ და
სხვა მუნიციპალიტეტებს მოვემსახუროთ. მაღლაფერიძესთან ხელშეკრულების
დადება არაფრით არ შეიძლება, თუნდაც თანამედროვე თავშესაფარი მოაწყოს,
რადგან ამ ადამიანს რეალურად არ ესმის, რას ნიშნავს ზრუნვა. მაშინაც
გავაპროტესტეთ და ახლაც არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ცხოველებზე
ზრუნვა, უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის, დასაქმება და ბიუჯეტის
დაზოგვა - ამ პრობლემებს მოაგვარებს მუნიციპალური თავშესაფარი“, –
უთხრა რადიო „ათინათს“ ზარანდიამ.
მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღე მსოფლიოში 2011 წლიდან აღინიშნება.
უპატრონო ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე და შესაბამისი
მომსახურების გაწევაზე მეოთხედ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა
გიორგი მაღლაფერიძემ შესთავაზა, რომელთანაც მერია ხელშეკრულებას
ამზადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში
სულ 375 ძაღლს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში გადაიყვანენ.
აღნიშნული მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი
გამოიყო.
2015 წელს ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში
გადაჰყავდათ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე გიორგი მაღლაფერიძის
მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. მერიის
მიერ 2016 წელს გამოცხადებული ტენდერი ისევ გიორგი მაღლაფერიძემ
მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ შედეგი გამოიღო და
მუნიციპალიტეტმა მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის
შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა ამ შემთხვევაშიც
ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის" პირობებით უკმაყოფილებას
გამოთქვამდნენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდიდან
მიუსაფარი ძაღლები შესაძლოა ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანონ
მასალის გამოყენების პირობები