საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების სიაშია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ წინა წელთან შედარებით მედიის თვისუფლების მხრივ მდგომაროება გაიუმჯობესა. დღევანდელი მდგომარეობა 49 ქულით შეფასდა, შარშან ეს მაჩვენებელი 52 ქულას შეადგენდა.
ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს კონსტიტუციით მედიის თავისუფლება გარანტირებულია და ეს არის რეგიონში ყველაზე პროგრესული კანონმდებლობა ამ მიმართულებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების გავლენა 2012 წლის განმავლობაში შენარჩუნებული იყო კერძო მედიასაშუალებებზე, განსაკუთრებით კი მაუწყებლებზე და ეს გავლენა წინასაარჩევნო პერიოდშიც გრძელდებოდა.
"ფრიდომ ჰაუსი" აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მოსული ხელისუფლება ინფორმაციის მეტად გასცემდა ვიდრე მისი წინამორბედი. აქვე განმარტებულია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე მედიას საარჩევნო უბნების გაშუქებაზე შეზღუდვები დაუწესა.
ორგანიზაცია ასევე წერს კომუნიაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაზე, რომელიც, მისი ინფორმაციით, ხშირად ოპოზიციურ ტელეარხებს არ აძლევდა მაუწყებლობის ლიცენზიას, ხოლო პროსახელისუფლებო არხებს ლიცენზიის გარეშე მუშაობის საშუალებას აძლევდა."ფრიდომ ჰაუსი" წერს, რომ 2012 წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზარი პოლიტიზებული იყო, რეკლამის ძირითადი ნაწილი მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილ მედიასაშუალებებში მიდიოდა, ხელისუფლების მაკრიტიკებელი გამოცემები კი, გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფინანსური თვალსაზრისით ყველაზე რთულ მდგომარეობაში ბეჭდური მედიაა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 46%-ს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. თბილისში გამომავალი გაზეთები ინტერნეტ სივრცეს ინფორმაციის გასავრცელებლად ნაკლებად იყენებენ, მაშინ როცა ამით რეგიონალური გაზეთები აქტიურად სარგებლობენ. დამოუკიდებელი ინტერნეტ გამოცემები netgazeti.ge, civil.ge და media.ge დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას. სააგენტო interpressnews.ge-ს ბევრი მომხმარებელი ჰყავს ფაქტებზე დაყრდნობით მომზადებული ახალი ამბების გამო. ინფორმაციის გავრცელებაში წამყვან როლს აგრეთვე თამაშობს სოციალური ქსელი facebook-ი.
„ფრიდომ ჰაუსის“ ცნობით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართულ ტელეარხებზე ხელი მოსახლეობას სატელიტით არის ხელმისაწვდომი და ინფორმაციას ძირითადად რუსული ან ადგილობრივი მედიასაშუალებებიდან იღებენ, რომელიც ხელისფულების მიერ არის მართული.
მასალის გამოყენების პირობები