ლურჯი მოცვის პლანტაციების ფართობი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. კენკროვანი კულტურის ეს სახეობა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია
ევროკავშირის ბაზარსა და დიდ ბრიტანეთში. ამ კულტურისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები სამეგრელოში, გურიასა და აჭარაშია, რადგან აღნიშნულ რეგიონებში ნიადაგის მჟავიანობა ანუ PH 4-დან 5-მდე მერყეობს. ევროკავშირის ბაზარზე 1 კგ ცოცხალი ლურჯი მოცვი 14 ევრომდე ღირს, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი - 18 ევრო.
ევროკავშირის პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში მომზადებული კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჯამში მოცვის პლანტაცია გაშენებულია 43,7 ჰა-ზე. ამავე კვლევის თანახმად, მისი მოყვანა ასევე იგეგმება 48 ჰა-ზე, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. გაირკვა, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში შემოსავლიანი პლანტაცია მხოლოდ სოფელ ნაწულუკუში 5,7 ჰა-ზეა გაშენებული.
მოცვის პლანტაციების ფართობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ასეა გადანაწილებული:
ნარაზენი - გაშენებულია 18 ჰა-ზე, გასაშენებლად გამზადებულია - 32 ჰა.ყულიშკარი - გაშენებულია 5 ჰა-ზე, 5 ჰა გამზადებულია გასაშენებლად.რიყე - გაშენებულია 5 ჰა-ზე, 3 ჰა გამზადებულია გასაშენებლად.ინგირი - გაშენებულია 10 ჰა-ზე, 5 ჰა გამზადებულია გასაშენებლად.ინგირი (ოირემე) - 3 ჰა გამზადებულია გასაშენებლად.
კვლევის ავტორის და ორგანიზაცია "განათლების სახლის" წარმომადგენლის ლაშა ნარსიას თქმით, ფერმერები, რომლებიც მოცვის პლანტაციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფლობენ, ყველაზე მეტად სამაცივრე მეურნეობის ნაკლებობას უჩივიან. ამასთან, კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ ფერმერებს შესაბამისმა უწყებებმა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაკავშირებულ საკითხებზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
"ამჟამად მოცვის მყიდველი სხვადასხვა ქვეყნიდან ფერმერებთან თავად მოდის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, რაც პლანტაციების რაოდენობა გაიზრდება, ფერმერებს თავად მოუწევთ პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანა. აქედან გამომდინარე, მეწარმეებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე", - თქვა ლაშა ნარსიამ.
კვლევის მიხედვით, მოცვის მოვლა-მოყვანაში ფერმერები და მეწარმეები სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის, არასაკმარის და შეუსაბამო აგროტექნიკაზე საუბრობენ. ასევე, მათთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს არასაკმარისი ფინანსური რესურსი, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, კვალიფიციური აგრონომების სიმცირე, არასაკმარისი ცოდნა და გამოცდილება.
მოცვის კულტურის განვითარებისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად კენკროვანი კულტურების ექსპერტი და "საქართველოს აგრარული გაერთიანების" დამფუძნებელი ვალერი გორგიშელი ფერმერების ინფორმირებულობის დაბალ დონეს და საკითხისადმი არასწორ მიდგომას მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მოცვის გაშენება იმ მეთოდოლოგიით და ცოდნით თუ გაგრძელდა, რაც ახლა არსებობს, მის განვითარებას დიდი საფრთხე დაემუქრება. ექსპერტი ფერმერებს, რომლებსაც ლურჯი მოცვის გაშენება სურთ, პირველ რიგში, ნიადაგის საფუძვლიან კვლევას ურჩევს.
"სამეგრელოში ფერმერებს გონიათ, რომ თუ ნიადაგი მჟავეა, ის ყველა შემთხვევაში გამოდგება ლურჯი მოცვისთვის. ეს არის დიდი შეცდომა, რადგან სამეგრელოში, კერძოდ, ხობში, ზუგდიდსა და სენაკში ნიადაგი მაქსიმალურად გამორეცხილია ანუ მიკრო და მაკრო ელემენტები თითქმის აღარ არის", - ამბობს გორგიშელი.
ექსპერტი ფერმერების კიდევ ერთ შეცდომაზე საუბრობს. მისი თქმით, უმეტესობა დაბალი ფასის გამო უხარისხო ნერგების ყიდვას ამჯობინებს, რაც, მისივე თქმით, პრობლემის სახით მესამე და მეოთხე წელს აუცილებლად იჩენს თავს.
"უხარისხო ნერგები დაავადებების მატარებელი და მავნებლების გამავრცელებელია. რაც ყველაზე მთავარია, უხარისხო ნერგები გამოირჩევა დაბალი პროდუქტიულობით. ასევე, პრობლემაა ნერგებში სხვადასხვა ჯიშის აღრევა. მაგალითად, თუ მე შევიძინე ლეგასი, იქ შეიძლება აღმოჩნდეს დიუკის ჯიში ან კიდევ სხვა... ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის დაცული ჯიშური სიწმინდე, რაც საეჭვო ექსპორტზე მიუთითებს. ეს არამარტო იმ ფერმერს შეუშლის ხელს, რომელიც მას რგავს, არამედ ყველა იმას, ვინც მის მახლობლად მომავალში პლანტაციის გაშენებას დაიწყებს, რადგან მავნებლის გავრცელების დიდი საშიშროებაა ", - აღნიშნა მან.
ვალერი გორგიშელი ამბობს, რომ ლურჯი მოცვის მოვლა-მოყვანა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ფერმერს შეცდომების დაშვება ძვირი დაუჯდება. მისივე თქმით, სამეგრელოს ნიადაგების გათვალისწინებით, ამ კულტურის 1 ჰა-ზე განაშენიანებისთვის 60 ათას ლარზე მეტია საჭირო. რაც შეეხება ჯიშებს, ექსპერტი ამბობს, რომ სამეგრელოს რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი ონეილის, ლეგასის, ბლუკროპის, მისტის, ჰანასჩოის ჯიშებმა აჩვენეს.
სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვი ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნება, რადგან ჩვენს ქვეყანაში ის გაცილებით ადრე მწიფდება, ვიდრე სხვა იმპორტიორ ქვეყნაში. ამასთან, ლურჯი მოცვი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე და მოსავლის რეალიზება პრობლემას არ წარმოადგენს.
სტატია მომზადებულია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "კონრად ადენაუერის ფონდი", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან" და ასოციაცია "ათინათთან" თანამშრომლობით, ახორციელებს. მასალაში აღნიშნული კვლევები, პროექტის ფარგლებში, რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს.
ავტორი: სოფო ხუბულავა
მასალის გამოყენების პირობები