თბილისის "დინამოს" გულშემატკივრის ნაწილმა გუშინ "დინამო არენის" ტრიბუნები პროტესტის ნიშნად დატოვა. ერთ-ერთი გულშემატკივარის განცხადებით, მათი პროტესტი იმ დროშებს უკავშირდებოდა, რომლებიც მოსკოვის "დინამოს" გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე გამოფინეს.
"მათ გამოფინეს იმპერიალისტური დროშები და ამით კიდევ ერთხელ უნდათ გვაგრძნობინონ ის, რომ რუსეთი არის იმპერია და ჩვენც იმპერიის ნაწილი ვართ. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს დროშები ჩამოეხსნათ, თუმცა ამაზე უარი მივიღეთ, რის შემდეგაც ასეთი ფორმა ავირჩიეთ და ჩვენ მშვიდობიან პროტესტს მივმართავთ", – აღნიშნა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.
გარკვეული დროით გულშემატკივრები სტადიონის პირველ და მეორე იარუსებს შორის არსებულ დერეფანში იყვნენ განლაგებული და სკანდირებდნენ - "საქართველოს გაუმარჯოს" და თბილისის "დინამოს" გამამხნევებელ შეძახილებს. საბოლოოდ გულშემატკივრები ტრიბუნებს დაუბრუნდნენ.
ამხანაგური მატჩი "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის 1:1 დასრულდა. გუშინდელ მატჩს კრიშტიანუ რონალდუ და ანდრე შევჩენკოც ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები