ზუგდიდში, დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოში მრავალწლოვან ცაცხვის ხესთან „ქვა-ტახტის“ დადგმა იგეგმება.
ისტორიული წყაროების თანახმად, 17 საუკუნეში სწორედ ამ ადგილას იმართებოდა სასამართლო პროცესები და იმ პერიოდში აქ იდგა ქვის ტახტი, რომელსაც სამართლის ქვა ეწოდებოდა. როგორც რადიო
„ათინათს“ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) წარმომადგენელმა ედუარდ ფარცვანიამ უთხრა, „ქვა-ტახტი“, რომლესაც ისინი დადგამენ, ისტორიული ობიექტის ანალოგი იქნება.
„ისტორიული წყაროების თანახმად, დადიანები ეზოში ცაცხვის ხესთან არსებობდა "ქვა-ტახტი", რომელიც სასამართლო პროცესის ადგილს წარმოადგენდა, სადაც მოქალაქეთა საჩივრებს სამართლებრივად განიხილავდნენ და ა.შ. აღნიშნული ქვა ახლა არის ბოტანიკურ ბაღში. იყო იმაზე საუბარიც, რომ გადმოეტანათ აქეთ, თუმცა მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა და მისი აქეთ გადმოტანა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვგეგმავთ ანალოგიური "ქვა-ტახტის" დადგმას ცაცხვის ხესთან, რომელიც იქნება დამატებითი ტურისტული ობიექტი. რა თქმა უნდა, დატანილი იქნება ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ის და რომ ორიგინალი არსებობს ბოტანიკურ ბაღში. აღნიშნული ობიექტი 20 წუთით მაინც შეაჩერებს ადგილზე ტურისტს და გარდა ამისა, გადავამისამართებთ ბოტანიკურ ბაღში. რამდენიმე ნიმუში წარვუდგინეთ მერიის შესაბამის სამსახურებს. ინიციატივა მოწონებულია და ახლა უნდა ვიმუშავოთ პროექტზე, თუ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული და როდის დაიდგმევა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეს იდეა ეკუთვნის ისტორიკოს-მკვლევარ ციცო შენგელაიას“, - ამბობს ფარცვანია.
აღნიშნული საკითხზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში დღეს იმსჯელეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდელი მკვლევარი „ქვა-ტახტისთვის“ ტურისტული დანიშნულების მინიჭებას ითხოვს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები