ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქეთრინ ეშტონი და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კომისარი, შტეფან ფულე საქართველოსა და ევროკავშირს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"სიხარულით ვადასტურებთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ სამომავლო შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის ჩათვლით) თაობაზე მოლაპარაკებების არსებით დასრულებას. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან გამართულ შეხვედრებზე ჩვენ გამოვთქვით მადლიერება მოლაპარაკებებში მონაწილე საქართველოს მხარის წარმომადგენელთა მიზანმიმართულობის გამო, რომლებიც თავდაუზოგავად და ენერგიულად მუშაობდნენ მოლაპარაკებების დაწყების პირველივე დღიდან", - ნათქვამია ეშტონისა და ფულეს ერთობლივ განცხადებაში.
მათივე განმარტებით, იმედის თვალით შეყურებენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც გაიმართება ვილნიუსში 2013 წლის 20 ნოემბერს, ასევე ამ შეთანხმების შემდგომ ხელმოწერას ტექნიკური პროცედურების დასრულებისთანავე.
"ეს გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც ევროკავშირისათვის, ასევე საქართველოსთვის და გზას უხსნის ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებზე, პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ ყოვლისმომცველ მოდერნიზაციასა და რეფორმებს. ეს შეთანხმება უშუალო ზეგავლენას იქონიებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ევროკავშირთან დაახლოებს საქართველოსა და მის ყველა მოქალაქეს. ის აეწყობა არსებულ მჭირდო თანამშრომლობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. ვულოცავთ ორივე მხარის ყველა წარმომადგენელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი შედეგის მიღწევაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები