ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ქართული უნივერსიტეტი დევნილ სტუდენტებს 200-ლარიან ფასდაკლებას სთავაზობენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ სამ უნივერსიტეტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ,,იმ დევნილებს, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებენ სწავლას, სწავლის საფასური შეუმცირდებათ 200 ლარით"" - განმარტავს ნინო ჭავჭავაძე.
გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ანანო წივწივაძეც.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს თორნიკე ქოჩქიანს დევნილის სტატუსი აქვს. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება დევნილის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის შეღავათი იქნება.
ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავჯდომარის ავთო ადეიშვილის თქმით, ეს პროგრამა 2013 წლის ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. აღნიშნულ ინფორმაციას ასევე ადასტურებს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთი ქოქრაშვილიც.
მასალის გამოყენების პირობები