საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ განახორციელდა.
ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, კიბერ შეტევის შედეგად დაზიანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების სერვერები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.
„აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას და ასევე კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას. თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს”, - თქვა კონსტანტინიდმა.
გარკვეული დროის განმავლობაში დაჰაკული იყო ასობით ქართული ვებსაიტი. მათ შორის, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ვებ-გვერდი. მათი გახსნისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით -
"მე დავბრუნდები".
მასალის გამოყენების პირობები