საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კონკურსის დეტალებზე საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტმა, შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"გილოცავთ, 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა! ვირუსმა გარკვეულწილად შეცვალა ჩვენი გეგმები ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია ახორციელებენ პროექტებს შშმ პირთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, მსოფლიო მასშტაბით შშმ პირები კვლავ აწყდებიან პრობლემებს, თუმცა არის გარკვეული პროგრესიც. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა თავად შეაფასონ ქვეყანაში არსებული სიტუაცია და გამოგვიგზავნონ საკუთარი წარმატებისა თუ წარუმატებლობის ისტორიები. კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებსაც და ბლოგერებსაც, რათა თავად აღმოაჩინონ და გააშუქონ შშმ პირთა შესახებ საინტერესო ისტორიები“, - თქვა პედრიდისმა.
შშმ პირთა ისტორიების კონკურსში 6 გამარჯვებული გამოვლინდება. აქედან, დაჯილდოვდება სამი ისტორიის გმირი და სამი პუბლიკაციის ავტორი. თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს ერთი ისტორია, ან სიუჟეტი საქართველოში მცხოვრებ, ან ემიგრაციაში მყოფ შშმ პირთა შესახებ.
კონკურსისთვის განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება დღეიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულები კი, სიმბოლურად, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ისტორიები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულად, რომელიც გადაეცემა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები