ახალი ამბები
„მწვანე ალტერნატივა“: ბანკებმა EBRD-მა და EIB-მა ნენსკრაჰესის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო. პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკას და სტანდარტებს არღვევს. ამის შესახებ ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" სტატიაში ვკითულობთ:

საქმე ეხება ნენსკრა ჰესის დამფინანსებელების – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მოთხოვნებს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პროექტი ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.

აღნიშნული პრობლემების შესახებ EBRD-ისა და EIB-ის გასაჩივრების ორგანოებმა გამოძიება 2018 წელს მათთან შესული საჩივრების[2] შემდეგ დაიწყეს. მოსარჩლეები არიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტენრატივა“ და CEE Bankwatch Network-ი.

დათო ჭიპაშვილი, “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი: “გასაჩივრების მექანიზმების დასკვნები ცალსახად აღიარებს იმ დარღვევებს და შეუსაბამობებს, რასაც ადგილი ჰქონდა პროექტის მომზადების პროცესში და, რის შესახებაც, საუბრობდნენ ადგილობრივები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმასაც, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობა, სამწუხაროდ, არ არის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელების გარანტი. ამისი ნათელი მაგალითებია შუახევისა და დარიალის ჰესები, მწარე გამოცდილებით, სადაც ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ბანკები, თუმცა ამან პროექტების საიმედოობა ვერ უზრუნველყო. ნენსკრა ჰესის ირგვლივ ამდენი დამტკიცებული დარღვევის ფონზე, მიგვაჩნია, რომ პროექტი არ უნდა განხორციელდეს”.

ლილე ჩხეტიანი, სვანეთის მკვიდრი, საჩივრების ერთ-ერთი ავტორი: “ეს დასკვნები, რაც ჩვენს საჩივრებს და გამოძიებას მოჰყვა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ბრძოლა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული, მაგრამ მას ყოვლეთვის აქვს აზრი. ჩვენ ჩვენი გარემო მცირე ზიანისთვისაც კი არ გვემეტება, არა თუ იმ რისკებისთვის, რაც საერთაშორისო ბანკების გასაჩივრების ორგანოების დასკვნებში წერია. მოსახლეობის თვალწინ ბევრი რამ მომხდარა, ამ საფრთხეებს ჩვენ -, მოსახლეობა, ისედაც ვხედავთ ყოველდღიურად, რაც არ უნდა შელამაზებულად იყოს ისინი ჩაწერილი საპროექტო დოკუმენტაციებში“.

გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებში აღნიშნულია, რომ EBRD-ის და EIB-ის მენეჯმენტმა ნენსკრა ჰესის პროექტი ბანკების დირექტორთა საბჭოებს დასამტკიცებლად ისე წარუდგინეს, რომ ის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი შეუსაბამობები დადგინდა, EBRD-ის და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმები ბანკების მენეჯმენტისგან შეცდომების გამოსწორებას ითხოვენ და მათთვის რეკომენდაციები მოამზადეს, მათ შორის: ხელახლა გამოიკვლიონ სვანების ძირძველი მოსახლეობის სტატუსთან შესაბამისობის საკითხი, შეიმუშავონ პროექტის ალტერნატივები, სრულად შეისწავლონ ჰესისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული და დაგეგმილი პროექტების კუმულაციური (ერთობლივი) ზემოქმედება, პროექტის სოციალური და გენდერული ზემოქმედება, აგრეთვე ზეგავლენა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე; გაიზარდოს ნენსკრას მმართველი კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური გუნდის თანამშრომელთა ცოდნა, კომპეტენცია და უნარები.

ნენსკრა ჰესის შესახებ

ნენსკრას პროექტში ოთხი საერთაშორისო ბანკი მონაწილეობს. EIB-ი ჰესისთივს 150 მილიონი ა.შ.შ დოლარის გამოყოფას აპირებს, EBRD-ი – 214 მილიონი ა.შ.შ დოლარის. პროექტში ჩართული არიან აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკებიც.

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივი პროექტი, 280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესი ქვეყანაში ერთ-ერთი მასშტაბური იქნება. თუ განხორციელდა, ის გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთისა და მდინარეების ეკოსისტემებს, გააუარესებს საცხოვრებელ გარემოს და ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის სვანეთის მოსახლეობას

წლებია, პროექტს აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მის ფინანსურ რისკებზე სხვადასხვა დროს მიუთითებდნენ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ორი წლის წინ, ნენსკრა ჰესი მოულოდნელად დატოვა მთავარმა კონტრაქტორმა – საერთაშორისო სამშენებლო კომპანია Salini Impregilo-მ. 2019 წელს მედიაში გაჟონა ნენსკრას შესახებ მთავრობასა და პროექტის მშენებლებს შორის დადებული, იქამდე გასაიდუმლოებული ხელშეკრულების დეტალებმა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს 60 მილიონით აზარალებს.

გასაჩივრების მექანიზმების შესახებ

საერთაშორისო ბანკების გასაჩივრების მექანიზმები განიხილავს და წყვეტს, თუ რამდენად შეესაბამება ამ ბანკების მიერ დაფინანსებული პროექტების სტანდარტები მათსავე უსაფრთხოების პოლიტიკას გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გასაჩივრების მექანიზმია ბანკისგან დამოუკიდებელ ორგანო – “პროექტის ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი მექანიზმი“, ანუ IPAM-ი. ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკში (EIB) ფუნქციონირებს „საჩივრების მექანიზმი“ - CM-ი. სწორედ ამ ორმა ორგანომ გამოიძია ნენსკრა ჰესის პროექტი", - წერია სტატიაში.

ამავე თემაზე:

90 000-ზე მეტი ხელმომწერი ნენსკრა ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.