შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული უზბეკეთის მოქალაქე ნარგიზბეგიმ რახმანოვას მიერ აჭარაში ჩადენილი ტრეფიკინგის 4 ფაქტი გამოავლინეს. მას აღნიშნულ დანაშაულზე ბრალი დაუსწრებლად უკვე წაუყენეს.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მას ბრალი 22 მაისს სოფელ ბეშუმთან მოკლული უზბეკეთის მოქალაქის, რაიხონ კ-ს მკვლელობის დაკვეთის ფაქტზეც წაუყენეს. ნარგიზბეგიმ რახმანოვამ საქართველო 31 მაისს დატოვა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარგიზბეგიმ რახმანოვა საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა. მან 2012-2013 წლებში ბათუმში უზბეკეთის 5 მოქალაქე, მათ შორის მოკლული რაიხონ კ, პროსტიტუციაში მოტყუებით და იძულებით ჩააბა. უზბეკეთიდან ჩამოსულ ქალბატონებს ის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ართმევდა და ბათუმის სასტუმროებსა და ღამის კლუბებში ამუშავებდა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
ნარგიზბეგიმ რახმანოვას მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით უზბეკ სამართალდამცველებთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები