საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ .
"გაცნობებთ, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და „მუსლიმი ძმების" მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. კაიროში, ალექსანდრიაში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შორის ჰურგადაში მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია. ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან." ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები