ქართული ღვინისა და მინერალური წყლის შემდეგ რუსეთის სავაჭრო დახლებზე ქართულმა ხილმა და ბოსტნეულმაც დაიწყო გამოჩენა. ამჟამად საქართველოში „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის კონტროლს სწავლობენ.
„მსოფლიოში აქამდე არავინ იცოდა როგორ მიდიოდა აქ საქმე. უნდა ითქვას, რომ ხარისხის კონტროლი აქ იზრდება და ამისთვის დაფინანსება გამოიყოფა“, - აცხადებს რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი მიხაილ მასლოვი.
რუსი სპეციალისტები საქართველოს დღეს დატოვებენ. ამის შემდეგ, ქართული და რუსული მხარეები ერთობლივად შეადგენენ იმ პროდუქციის ნუსხას, რომელსაც რუსეთში შესვლის ნებართვა მიეცემა.
როგორც ცნობილია, „მწვანე შუქი“ უკვე აენთო ჩაისა და ჩირს. მათ მოჰყვება თხილი. უახლოეს მომავალში გადაწყდება ციტრუსების საკითხიც.
„ციტრუსები, სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში გამოჩნდება რუსეთში. ამ თვეებში მათზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება. ამჟამად ბაზრის ამ სეგმენტს ძირითადად იკავებენ თურქეთი, მაროკო და ესპანეთი. ქართულ მანდარინს კარგად იცნობს წინა თაობის ხალხი. ის დიდად არ განსხვავდება აფხაზური და ოსური ბრენდის სახელით შემოსულ ციტრუსებისაგან. თუმცა, ახალი მოთამაშე ყოველთვის კარგია, რადგან ეს მუდამ დადებითად აისახება კონკურენტების ფასებზე. საქართველოში 1 კგ მანდარინი დაახლოებით 1 დოლარამდე ღირს, რუსეთში კი, მისი ფასი 1,5-2 დოლარამდე იქნება. ეს დაახლოებით უთანაბრდება თურქული პროდუქციის ღირებულებას, თუმცა შედარებით იაფია მაროკოდან და ესპანეთიდან შემოსულ მანდარინზე“, - აღნიშნავს რუსეთის მომხმარებელთა საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაციის სამმართველოს თავმჯდომარე დიმიტრი იანინი.
მასალის გამოყენების პირობები