რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიური მოვლენების პრევენციის, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ახალი ინიციატივებით გამოდის.
"სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფოს პრიორიტეტი ასეთი მოვლენების პრევენცია უნდა იყოს. ჩვენ მივმართავთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მომავალი წლის სამუშაოებში გასათვალისწინებლად, წარმოგვიდგინონ სანიაღვრე არხებისა და მეწყერსაშიში ადგილების გამაგრების წინადადებები, რათა საჭირო სამუშაოები დროულად ჩატარდეს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ტურისტული ან კულტურული ადგილის მიმდებარე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხარჯები თითოეულმა მუნიციპალიტეტმა თავად უნდა გაიღოს.
დავით ნარმანიას განმარტებით, ეს ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის, მისასვლელი გზების, პარკირებისა და საპირფარეშოების მოწყობას, რაც ტურისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
"მონიტორინგმა აჩვენა, რომ წყალმომარაგება სოფლებისთვის მთავარი საწუხარია. სამინისტრო ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის შედეგადაც, შეივსება 2007 წელს მიღებული ცვლილებით შექმნილი ვაკუუმი და 1-ლი იანვრიდან, სოფლის წყალი მუნიციპალიტეტების საკუთრება გახდება. ეს იქნება ერთი დიდი ნაბიჯი დეცენტრალიზაციისკენ. იმისთვის, რომ ეს საქმე მუნიციპალიტეტებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს, პირველ ეტაპზე სამინისტრო მათ მაქსიმალურად დაეხმარება", - აღნიშნა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები