ზუგდიდში გამომცემლობა "ინტელექტის" ორგანიზებით 16 და 17 ივლისს წიგნების პრეზენტაცია გაიმართება. სტუმრებს საშუალება ექნებათ ავტორებს - მარი მალაზონიასა და ნესტან ნენე კვინიკაძეს შეხვდნენ და მათ კითხვები დაუსვან.
გამომცემლობის ინფორმაციით, მარი მალაზონიას წიგნის, "კვებითი შუქმნიშანის" წარდგენა დღეს 19 საათზე სასტუმრო "ლეთოშია" დაგეგმილი.
"რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი? წიგნი საზრდოა ტვინისთვის და ადამიანს ზრდის სულიერად, მორალურად, ემოციურად, ინტელექტუალურად...კვება ასაზრდოებს და ზრდის სიცოცხლეს, რომ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაში ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს. ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება ხან ერთიანია, ხანაც ერთმანეთისგან გამიჯნული. წიგნი კვებაზე არის საზრდო-საზრდელი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიცოცხლის ზრდაში პოულობს ცხოვრებას", – ვკითხულობთ წიგნის შესახებ გამოქვეყნებულ აღწერაში.
რაც შეეხება ნენე კვინიკაძის წიგნს "პულოვერში", მისი პრეზენტაცია ხვალ 19 საათზე ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგება.
"ნესტან ნენე კვინიკაძის "პულოვერში" იმ წიგნებს მიეკუთვნება, რომელსაც ხშირად უნდა მიუბრუნდე, კარგად რომ გაიაზრო ყველა ის თემა და პრობლემა, რაზეც ავტორი წერს და გაფიქრებს. ამბებს ამბები ცვლის, ავტობიოგრაფიულ თხრობაში ლაღად და ორიგინალურად შემოდის ყველასთვის ნაცნობი პროფილები, მათი ციტატები, მათი სივრცე. ავტორი ცდილობს, გულსა და გონებაში გაატაროს ყველაფერი, რაც მის მეხსიერებას და ყოველწუთიერ შეგრძნებებს შემორჩენია. ცდილობს, თავისუფალ ადამიანზე დაწეროს და იმ გარემოზე, რომელიც ამ თავისუფლებას აფერხებს და აგულიანებს კიდეც", - ნათქვამია ღონისძიების შესახებ ინფორმაციაში.
ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები