ახალი ამბები
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

"ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

"ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში" (კოლ.1.13)

დგება ჟამი გამოუთქმელი სიდიადისა!

იშვება ქრისტე, ირღვევა სიბნელის საკვრელნი, "ჩრდილნი უკუმსვლელობენ და ჭეშმარიტება შემოდის სინათლის დასამკვიდრებლად".

როგორ შეხვდებით მას? გვექნება მონდომება და მზაობა იმისა, რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად თანავიშვათ, რათა თანაჯვარსვეცვათ, თანადავიფლათ, თანაავღდგეთ და მასთან ერთად ვიყოთ მარადიულად?

ეს ურთულესი კითხვაა და მასზე სწორი პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრების აზრის გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია.

ფაქტია, ჩვენი მუდმივი ადგილი ამქვეყნად არ არის. ჩვენ ამ ყოფისთვის არა ვართ გაჩენილნი; უხრწნელად შევიქმენით და ამ მდგომარეობასვე უნდა დავუბრუნდეთ. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლით, ოღონდ ჩვენი თავისუფალი ნებისა და ღვთის ნების თანხვედრაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება შემდგომი ჩვენი ხვედრი.

ჩვენი ნება ხორციელდება ჩვენი სულით, გულით, გონებითა და სიტყვით ამიტომაც მათზე ზრუნვა განსაკუთრებულად გვმართებს.

ჩვენი სულის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა სინდისი.

სინდისი ღვთის ხმაა. მას ვერ დაიმორჩილებ, შენი სურვილისამებრ ვერ განაწყობ, ბოლომდე ვერც აღმოფხვრი; პირიქით, თავის მყოფობას მაშინაც გვაგრძნობინებს, როდესაც ვცდილობთ, გავექცეთ, თუმცა ისეც ხდება, რომ მუდმივი უგულვებელყოფით, მისი ხმა სუსტდება და აღარ გვესმის. არსებობს მდგომარეობაც, რასაც "დამწვარი სინდისი" ჰქვია და ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზე მეტყველებს.

ქრისტიანული რწმენა და მცნებები ჩვენში სინდისის ხმის სიძლიერისა და მართებულობის ყველაზე უტყუარი განმსაზღვრელია და ჩვენი სულის სწორად განვითარების შესაძლებლობაა, რადგან სინდისი ჩვენს ნებას ღვთის ნებასთან აკავშირებს.

"ვერავინ ვერ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ხოლო თუ ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, შეშას, თივას, ჩალას, - თითოეულის საქმე გამომჟღავნდება ... ცეცხლით გამჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს (1 კორ. 3, 11-13).

გული ცენტრია ჩვენი სიცოცხლისა, ჩვენი ცხოვრებისა; ღვთის შიში, გრძნობათა მთელი სამყარო და უფლთან ერთობის სურვილი მასში მყოფობს.

გონება კი გვეხმარება შევიცნოთ გარესამყარო და დავძლიოთ ჩვენი დაცემული ბუნება.

ცოდვისგან ადამიანის გული, გონება და სული თავისუფლდება ლოცვით, მარხვით, მღვიძარებითა და განსაცდელებით; ამიტომაც არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების. სიბრძნეც გვასწავლის: "კეთილდღეობა შეიძლება უბედურებაზე საშიში იყოს და უბედურება - კეთილდღეობაზე მეტად მაცხოვნებელი."

თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.

........

ადამიანი განსაკუთრებული არსებაა, რომელიც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად; საიდუმლოებით მოიცავს როგორც მაკრო, ისე მიკრო სამყაროს და შესაქმის გვირგვინად და მეფედ არის დადგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამმა და მისმა შთამომავლობამ, საღვთო ღირსებებთან ერთად, უკეთურ ძალთა თვისებებიც შეიძინა და ბოროტის გავლენის ქვეშ მოექცა, შემოქმედმა მაინც არ მიგვატოვა;

კაცთა განსწავლა ათასწლეულთა მანძილზე ხდებოდა წინასწარმეტყველთა და მსაჯულთა მიერ, სიტყვითა და რჯულით, ასევე, ომებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით... ბოლოს კი იუდას შტოში, იესეს მოდგმაში, დავითის სახლში, დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, - საღვთო აღმშენებლობის მთელი ისტორიის თავის თავში მომცველი.

უფლის მოწყალებით მან მოიღო მადლი, - ეშვა შემოქმედი, რათა ადამიანის ბუნება განღმრთობილიყო და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი სასწაული აღსრულებულიყო.

მოციქული ბრძანებს: "ამიერიდან აღარა ხართ მონა, არამედ შვილი, ხოლო თუკი ძე ხარ, მაშინ ქრისტეს მიერ ღმერთის მემკვიდრეც" (გალ.4.7).

ასეთი განსაცვიფრებელი სიდიადის თანაზიარია ადამიანი;

ასეთი დიადია თითოეული თქვენგანი!

და თუ თქვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად სადიდებლად ღვთისა და მსახურებად მოყვასისა, არა აქვს მნიშვნელობა, მეცნიერი ხარ, პოლიტიკოსი, ექიმი, მშენებელი, გლეხი, სპორტსმენი, პედაგოგი, მძღოლი, ჯარისკაცი თუ სხვა, შენი საქმიანობა ღვთისმსახურებად შეგერაცხება და ეს იქნება შენი ოქრო, გუნდრუკი და მური უფლისთვის მირთმეული და გაიხარებ ორსავ სოფელსა შინა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი" (გალატ.6,2), - მოგვიწოდებს წმინდა წერილი.

......

მოდის მაცხოვარი, რათა გაგვათავისუფლოს ურწმუნოებისაგან და ჩვენს უმნიშვნელოვანეს კითხვებს გასცეს პასუხი, უბოძოს კაცობრიობას ცათა სასუფევლის ცოდნა და სამართალი, ყველაფერს დაუბრუნოს მარადიულობა და იხსნას იგი სიკვდილისა და ხრწნილებისაგან, "რადგან კეთილ ინება მამამ, რომ მასში (ქრისტეში) დამკვიდრებულიყო მთელი სავსება და მისი საშუალებით შემოერიგებინა ყოველი" (კოლას.1,19-20)

ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი; მივულოცო იგი ყველა ტვირთმძიმესა და მაშვრალს, რადგან ეს დღესასწაული აღმატებულია ნებისმიერ განსაცდელზე, ჰმეტობს თითოეული ჩვენგანის ტკივილს და იმედით გვავსებს.

ჩემო სულიერო შვილებო, საქართველოს მკვიდრნო და უცხოეთში მყოფნო თანამემამულენო, სულიერად წარვემართოთ ბეთლემისაკენ, რათა მწყემსებთან ერთად ვადიდით ყრმა იესო, მოგვებთან ერთად შევწიროთ ძღვენი,- ოქრო, გუნდრუკი და მური და ანგელოზებთან ერთად ვუგალობოთ: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება."

ღმერთმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს საქართველო!

ინებოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ჩვენზეც აღსრულდეს წმინდა დავით მეფის სიტყვები:

"ნეტარ არს ხალხი, ვისთვისაც ღმერთი არის უფალი, ხალხი, - მისდა სამკვიდროდ გამორჩეული" (ფსალ. 32.12).

თქვენთვის მლოცველი, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, თბილისი, შობა ქრისტესი 2023 წელი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.