შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახუეებისთვის 2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ინსტრუქცია მომზადდა. ამის შესახებ დოკუმენტს შს მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს თითოეული ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს თავისუფალი არჩევანი. ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი საარჩევნო უფლება გამოიყენონ უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, სადაც არ იქნება არავის, მით უმეტეს, შსს-ს მოსამსახურეების მხრიდან ზეწოლა და ძალადობა. შსს-ს თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ არჩევნების პროცესისთვის ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ისჯება კანონით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში მოთხოვნილი და გამოყენებული სანქციები დარღვევის პროპორციული იყოს", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ინსტრუქცია შექმნილია NDI-სა და „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის“ რეკომენდაციების საფუძველზე.
„დოკუმენტი განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს, სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე, მათთვის კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს. გარდა ამისა, ინსტრუქცია ითვალისწინებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ მოთხოვნილი და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები იყოს სამართალდარღვევის პროპორციული, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი დარღვევების პრევენცია“, - ნათქვამია ამავე დოკუმენტში.
ამასთან, პოლიციის ხელმძღვანელობას დაევალა ადმინისტრაციულ შენობებში ინსტრუქციის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება და პირადი შემადგენლობისათვის გაცნობა.
მასალის გამოყენების პირობები