16 სექტემბერს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი, ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის ხელმოწერასთან დაკავშირებით, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ოზონის შრე დედამიწას მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს, რომლის ზემოქმედებაც მავნეა ადამიანებისათვის, ცხოველებისა და მცენარეებისათვის.
1996 წელს საქართველო შეუერთდა ვენის კონვენციას და მონრელის ოქმს და აიღო საერთაშორისო ვალდებულება, ეტაპობრივი შემცირებით, საბოლოოდ ამოეღო ხმარებიდან ოზონდამშლელი ნივთიერებები. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან.
2008 წლისთვის, ვალდებულებით ნაკისრზე 2 წლით ადრე, საქართველომ საერთოდ შეწყვიტა ოზონის შრისათვის ყველაზე საშიში ნივთიერებების - ქლორფტორნახშირბადების (CFCs) და ჰალონების - მოხმარება.
საქართველო აგრეთვე ვალდებულია, 2013 წლიდან გაყინოს ჰიდროქლორფთორნახშირბადების (HCFCs) გამოყენება საბაზო დონეზე (83.9 ტონა), ხოლო მათი მოხმარება შეამციროს 2015 წლისთვის - 10%-ით, 2020 წლისთვის კი - 35%-ით.
საქართველოს ინიციატივით შეიქმნა ევროპისა და შუა აზიის ოზონის ქსელი, რომელიც 13 ქვეყანას აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ქსლის სხვა ქვეყნებთან, უზიარებს მათ ცოდნას და გამოცდილებას, უწევს ექსპერტულ დახმარებას.
გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით ასევე განხორციელდა შემდეგი მნიშვნელოვანი აქტივობები:
დაარსდა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი;
აღიჭურვა 20 სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სერვის-ცენტრი;
800 მემაცივრესა და ჰაერის კონდიცირების ტექნიკოსს ჩაუტარდა სწავლება;
3 პროფესიულ სასწავლებელში (თბილისი, ქუთაისი, ქობულეთი) დაინერგა მაცივარტექნიკოსის სწავლების კურსი. სასწავლებლებს გადაეცათ შესაბამისი ტექნიკური ბაზა, სწავლების კომპიუტერული პროგრამა, სილაბუსი და სახელმძღვანელოები;
საბაჟოს 200 თანამშრომელს ჩაუტარდა სწავლება და შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა საბაჟოსათვის;
17 ორგანიზაციას გაეწია ტექნიკური და ფინანსური დახმარება ოზონდამშლელ ნივთიერებაზე მომუშავე დანადგარების ალტერნატიულ ნივთიერებებზე გადასაყვანად;
შემუშავდა რეკომენდაციები ოზონდამშლელი ნივთიერებების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით;
ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები, მათ შორის, მედია ტრენინგი და რადიო გადაცემათა ციკლი ოზონის შრის პრობლემებზე;
შეძენილ იქნა თანამედროვე ოზონდამშლელი ნივთიერებების იდენტიფიკატორი;
შეძენილ იქნა არაოზონდამშლელ ნივთიერებებზე მომუშავე ქიმწმენდის დანადგარები;
გამოიცა ჟურნალის „ხელოვნური სიცივე და გარემო“ პირველი ნომერი;
დაიგეგმა ოზონდამშლელი ნივთიერებების არღიცხვის და ანგარიშგების ელექტრონული პროგრამის შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები