ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოვებაზე, მწერალმა ნაირა გელაშვილმა „ხუდონჰესის“ პროექტის შესახებ ისაუბრა:
"იმ პრემიის ნაწილი, რომლის ღირსიც მე გავხდი, მინდა გადავცე სოფელ ხაიშის საშუალო სკოლას და საბავშვო ბაღს. რამდენიმე დღის წინ, სამოქალაქო საზოგადოების ერთმა პატარა ნაწილმა ამ სოფელს მივანიჭეთ გმირი სოფლის წოდება, რადგან 20 წელზე მეტია ეს სოფელი კლდესავით დგას და როცა ირგვლივ ყველამ გაყიდა ამდენი სულიერი ღირებულება, როცა აღარავის უნდა საქართველო, როცა აქედან გარბიან, ამ სოფელს და მის მცხოვრებლებს სთავაზობენ ყველაფერს, ოღონდ გაყიდონ ადამიანური ღირებულებები, თავიანთი საფლავები, ეკლესიები, სავარგულები, სიწმინდეები... და ეს ღარიბი სოფელი, რომელიც განიცდის ყველანაირ ზეწოლას, გადაბირებას, მოსყიდვას, დაშინებას, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე, ეს ხალხი დგას მტკიცედ და მთელი საქართველოსაგან ფაქტიურად მიტოვებულია, მწერლებისგანაც და დედაქალაქისგანაც.
2012 წელს, საქართველოს პენ-ცენტრმა გამოაქვეყნა მკაცრი საპროტესტო წერილი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, იმ ბარბაროსული პროექტების განხორციელების მცდელობისა და სურვილისათვის, რომელიც აპოკალიფსურ მასშტაბებს იღებს უკვე საქართველოში. თუ ისინი განხორციელდა, მთელი სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, აჭარა და შემდგომ უკვე სხვა რეგიონებიც კატასტროფის პირას აღმოჩნდებიან, ათიათასობით ჰექტარი წყალში ჩაიძირება. ჩვენ შეგვრცხვება, რომ ამ დროს ვცხოვრობდით, მწერლები ვიყავით, ვწერდით და პრემიებს ვიღებდით. ეს არ უნდა დავუშვათ. მე მოვუწოდებ მწერლებს, დღეს იგივე პოზიცია დააფიქსირონ, რაც წინა ხელისუფლების დროს, რადგან ეს გრძელდება და ამას არავითარი ახსნა, პატიება და გაგება არა აქვს. სახარებაში წერია, რად გინდა, მთელი ქვეყანა მოიპოვო და შენი სული დაკარგოო... რად გვინდა ან პრემია, ან ლიტერატურა, თუ ირგვლივ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ულამაზესი ბუნება - რომელსაც უმღეროდნენ ჩვენი წინაპრები : ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, წყალში ჩაიძირება?! ჩვენ შეგვრცხვება მაშინ, როცა ამ ღონისძიებებს ხალხი გაიხსენებს. ამიტომ, ღრმად მწამს, რომ ამ დარბაზში მყოფი ხალხი ხმას აიმაღლებს და ჩვენს პროტესტს შეუერთდება. თუ ჩვენ ეს დავუშვით, მართლა აღარაფერი გამიხარდება, რაც ამ ხანებში სასიხარულო იყო“, - განაცხადა ნაირა გელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მისმა წიგნმა - „მე ის ვარ“ , 2012 წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები