სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობას საზოგადოების სხვადასხვა სექტორში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა . ენერგოკომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯია" სვანეთში, მდინარე ხუდონზე, 702-მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს. იგეგმება, დაახლოებით, 200-მდე ოჯახის განსახლება ხაიშის, გაღმა ხაიშის, ლუხის, ქვედა წვირმინდის, ლაჯრას, ტობარის და ლალხორალის დასახლებული პუნქტებიდან, ჰესის ზემოქმედების ქვეშ ექცევა სოფელ ხაიშის ტერიტორიაზე არსებული წმინდა გიორგის ეკლესია და საფლავები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ ენერგო ეფექტურობის ფონდის თავმჯდომარეს, ვახტანგ ზარქუას დაუკავშირდა. ზარქუა ხუდონჰესის მშენებლობის საკითხს ყურითმოთრეულს უწოდებს და განმარტავს, რომ „ხელისუფლების წრეები ხუდონის მშენებლობას აპიარებენ, იმ მიმართულებით, რომ ის არის ენერგო დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი, რამეთუ რაც უფრო მეტ მაღალ კაშხლიანი და წყალსაცავიანი კაშხალი აშენდება, უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი იქნება ქვეყანა. ეს თემა არის ყურით მოთრეული, რადგან ევროკავშირი ცდილობს გააფართვოს ბაზარი. დამოუკიდებელ ენერგეტიკულ პოლიტიკას ვერ აწარმოებ თუ არა გაქვს გმოკვეთილი პრიორიტეტები",- აღნიშნა ზარქუამ.
ზარქუა მიიჩნევს რომ ხუდონჰესის მშენებლობა არ გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან, რადგან ქვეყანას აღნიშნულთან მიმართებაში პრიორიტეტები გათვლილი არა აქვს. მისივე თქმით ჰიდროელექტრო სადგურის აშენებაში ევროკავშირისა და თურქეთის კერძო ინტერესები გამოიკვეთა სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება ამ პროექტის შეჩერება.
„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა გვსურს, დავტბოროთ შესაბამისი ტერიტორიები ენერგეტიკიულ მდინარეებზე, ავაშენოთ წყალსაცავები, ვივაჭროთ მარტო გიდრო ელექტრო ენერგიით, თუ განვავითაროთ ეკონომიკის დარგები, მათ შორის სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი და ტურისტული მიმართულების ბიზნესები, ქვეყანა ამაში უნდა ჩამოყალიბდეს“.
ენერგო ეფექტურობის ფონდის თავმჯდომარე რადიოსთან საუბარში ყურადღებას, ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის სქემაზე ამახვილებს და განმარტავს, რომ სქემა არის ძალიან ძველი და ხელახალ დაპროექტებას საჭიროებს.
„ეს იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი უარყოფილ იქნა 30 წლის წინ. ჩვენ ბაზისური ტიპის სადგურები უფრო გვჭირდება ვიდრე პიკური ტიპის, რადგანაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ენერგეტიკა არის დამხმარე დარგი ეკონომიკისა და არა ძირითადი დარგი. ძველი სქემისგან განსხვავებით ხელახალი დაპროექტებით ზარალიც შემცირდება“.
ხაიშის მკვიდრები რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებენ, რომ „ არ გვინდა ჰესი! გამორიცხულია ჩვენგან თანხმობა მიიღონ, გამორიცხულია კონსულტაციები. გასაგებია, რომ ენერგეტიკაა და ქვეყანას ჰესები სჭირდება, მაგრამ რატომ უნდა მოხდეს ეს სვანეთის ხარჯზე და რატომ უნდა დაიტბოროს ასეთი ლამაზი ტერიტორია? როცა ხაიში დაიტბორება, სვანეთი აღარ იარსებებს და ეს ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის", _ აცხადებენ ხაიშელები.
„ჩვენ ხატზე დავიფიცეთ, რომ არ დავთმობთ ჩვენს მიწა-წყალს. ჩვენ, ჩვენი ისტორია და მემკვიდრეობა გვაქვს აქ და ამას არაფრის ფასად არ დავთმობთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გოჩა გიგლემიანმა.
ერთ-ერთ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომისტი დავით ადეიშვილი, აცხადებს რომ საქართველო არის დღეს ყველაზე ენერგოარაეფექტური ქვეყანა.
"რატომ არ ატარებს ენერგეტიკის სამინისტრო რაღაც პოლიტიკას? ვისთვის კეთდება ხუდონჰესი? თქვენ თვითონ ამბობთ, რომ მისი 95% უნდა გაყიდოთ. მხოლოდ 5 -ია შიდა მოხმარებისთვის. მხოლოდ ის გაქვთ ნათქვამი, რომ ბიუჯეტში შევა 56 მილიონი ოდესღაც. ეს იქნება მინიმუმ 15-20 წლის შემდეგ. ამდენი ხანი მაინც უნდა, სანამ დანახარჯებს ამოიღებს კომპანია. სწორედ კომპანიისთვის კეთდება ეს და არა ქართველი ხალხისთვის. არ არის ჰესის საჭიროება დასაბუთებული. ეს გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) არის ტენდენციური და ლობირებს კომპანიის ინტერესებს. ჩათვალეთ, რომ 10 წელიწადი ხუდონჰესზე საერთოდ არ უნდა ვიფიქროთ. 10 წლის შემდეგ რომ ვიფიქრებთ, მივხვდებით, რომ ეს სისულელეა", - აცხადებს ადეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები