26 ივნისს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს მონაცემებით ნარკოტიკულ საშუალებებს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი მოიხმარს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფსიქო-ნარკოლოგიურ დისპანსერში წამალდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს არ ფლობენ. მათ აღრიცხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს ცენტრი აწარმოებს და ინფორმაცია დახურულია. ფსიქო-ნარკოლოგიური დისპანსერის დირექტორის ელდარ შეროზიას განცხადებით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა.
დისპანსერი წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის 2009 წლიდან მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამას ახორციელებს, როგორც ელდარ შეროზია აცხადებს, ეს პროგრამა საუკეთესოა ნარკომომხმარებელთათვის და მას დადებით შედეგი აქვს. „ჩვენთან ამ ეტაპზე მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში 62 ადამიანი აღირიცხება. მათ შორის სოხუმისა და ოჩამჩირის მცხოვრებნიც არიან.“ - განაცხადა მან რადიო „ათინათთან“ საუბრისას.
ახლაგაზდრა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონმა" წამალდამოკიდებულთათვის სპეციალურ პროგრამის განხორციელება გაცილებით ადრე, 2005 წელს დაიწყო. „გლობალური ფონდის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამის მიზანი აივ შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების პრევენციაა. პროექტი უფასო სამედიცინო კონსულტაციებს და სხვადასხვა ინფექციურ დავადებებზე უფასო ტესტირებებს ითვალისწინება. გათვალისწინებულია პროექტში ჩართული ყველა ბენეფიციარის ერთჯერადი საინექციო საშუალებებით უზრუნველყოფაც.
პროექტის სერვისით ზუგდიდის რაიონში რამდენიმე ათასი ადამინი სარგებლობს. ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას განცხადებით, ქვეყანაში ნარკორეალიზაციაზე კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების შედეგად „ნარკოსცენაზე“ოპიოდების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, რამაც ნარკომომხმარებელთა რაოდენობის კლება გამოიწვია, მათი ადგილი სტიმულატორებმა და კუსტარულად დამზადებულმა ნარკოტიკულმა საშუალებებმა დაიკავეს, რომლებიც მომხმარებელს გაცილებით მეტ ზიანს აყენებს, „წამალდამოკიდებულთა რაოდენობის რიცხობრივი კლება, არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარებულია. დღეს პრობლემა თვისობრივად უფრო სერიოზულია, ვინაიდან სტიმულატორები, რომელსაც წამალდამოკიდებული ადამინები მოიხმარენ, ბევრად უფრო მავნეა, ვიდრე ის რომელიც წლების წინ იყო ხმარებაში.“
ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთათვის რეაბილიტაციის პროგრამების სიმწირეა, ადამიანები, რომლებიც სტიმულატორებს მოიხმარენ ვერ სარგებლობენ მეტადონის ჩანაცვლების თერაპიით, რადგან მათ განსხვავებული მკურნალობა სჭირდებათ -აცხადებს ნინო ჯანაშია.
მასალის გამოყენების პირობები