საქართველოში მეთორმეტე კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდების პირველი ეტაპი დაიწყო.
პირველი ტესტირება გეოგრაფიაში დღეს დილიდან ტარდება. ამ დროისათვის, გამოცდა უკვე ჩააბარა 10 000-მა მოსწავლემ. გამოცდების ეროვნული ცენტრის წინასწარი ინფორმაციით, ჩაჭრილთა რაოდენობა უკვე ტესტირება გავლილთა შორის 4%-ს აჭარბებს. მათ საშუალება მიეცემათ გამოცდა წლის ბოლოს, დაგეგმილ, კიდევ ოთხ ტესტირებასთან ერთად გადააბარონ.
ტესტირების პირველი ეტაპი მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოსწავლეებისთვის გამოცდები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება.
მეორე ეტაპი წლის ბოლოს დაიწყება და მეთორმეტე კლასელები გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში ჩააბარებენ.
ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განმარტებით, გამოცდები 1500 სკოლაში მიმდინარეობს.
„გამოცდები ვერ ჩატარდა რამდენიმე სკოლაში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. გამოცდებს წელს 38000-ზე მეტი მოსწავლე ჩააბარებს და ვიმედოვნებ, რომ ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა არ გაიზრდება“, - განაცხადა მიმინოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები