საქართველოს დევნილთა საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის სტრატეგია - „დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე“ დღეს, 11 ოქტომბერს ასოციაცია „ათინთის“ საკონფერენციო დარბაზში განიხილეს. შეხვედრის მიზანი იყო დევნილთა საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის სტრატეგიის განხილვა და წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტის მომზადება.
შეხვედრის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზემოაღნიშნულ პროგრამაზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელიც შემდგომში სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს წარედგინება.
ადილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მათი რეკომენდაციებს და შენიშვნებს გაითვალისწინებენ, ამასთან, ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პროექტების განხორციელების პროცესში.
„როდესაც, გარკვეული პრობლემები შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა გადაწყვიტა ის თანხა, რომელიც მას ამ პროექტისთვის ჰქონდა გადასცეს საერთაშორისო ორგანიზაციებს. ადილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და ევროკავშირს შესთავაზონ თავიანთი წინადადებები საგრანტო კონკურსის გამოცხადების პირობებთან დაკავშირებით“,- ამბობს „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტი რუსუდან პაჭკორია.
მისივე განმარტებით, ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ხოლო მისივე თქმით, სამეგრელოში ამ ინიციატივას კოორდინაციას ასოციცია „ათინათი“ უწევს.
ცნობისთვის, 2012 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ხელშეკრულება იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი ოჯახების მხარდასაჭერად, რომლის საფუძველზე ჩატარდა მთელი რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები დევნილთა საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირს უნდა მოეხდინა სსიპ-ის დაფინანსება 5 მილიონი ევროს ოდენობით. თუმცა, სხვადასხვა პროცედურული, ტექნიკური და სხვა მიზეზების გამო ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე ეტაპისათვის, ნაცვლად სსიპ-ს დაფინანსებისა, გამოაცხადოს საპროექტო განაცხადების კონკურსი (Call for Proposals) და 5 მილიონი ევრო, რომელიც გათვალისწინებულია გამოიყენოს გამარჯვებული პროექტების დასაფინანსებლად.
აღნიშნული პროგრამა რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. ესენია: არაფინანსური რესურსები, მანქანა-დანადგარები და პირუტყვი სოფლის მეურნეობის ნაწარმის გასაზრდელად და ოჯახის კვებით უზრუნველსაყოფა, პროფესიული ტრენინგები დევნილთა ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად, სუბსიდირებულ კრედიტსა და გრანტზე წვდომა ბიზნეს განვითარებისთვის დევნილისა და მასპინძელი თემებისთვის და ბოლოს, თემთა შესაძლებლობის გაძლიერება, რათა ერთობლივი ქმედებით გაუმჯობესდეს საარსებო პირობები.
მასალის გამოყენების პირობები