საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება შესრულდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლოცვას დღეს, 18:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო საღვთო ლიტურგიას ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოველში წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს.
14 ოქტომბერს, მრევლისთვის საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან მცხეთის მიმართულებით 08.00 საათზე ავტობუსები გავა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ლოცვაზეც და წირვაზეც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო წმინდანთა წმიდა ნაწილები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს _ ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
მე-4 საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.
მასალის გამოყენების პირობები