ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 24 ოქტომბერს ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიასა და ციხის თანამშრომლის რომეო როგავას სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ბრალი წამებასა და არდამიანურ მოპყრობაში ედებათ. დღევანდელ პროცესზე 4 მოწმე დაიკითხა.
მოწმეებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია, რომეო როგავა და სხვა თანამშრომლები პატიმრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ერთ-ერთმა პატიმარმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის რომეო როგავამ სცემა, რის გამოც მას თირკმელი დაუზიანდა.
"რომეო როგავამ ძირს დამაგდო და თირკმლების არეში მირტყამდა, მხოლოდ რომეო მირტყამდა, სხვები იცინოდნენ. ამის შემდეგ თირკმლების ოპერაცია გამიკეთეს, და იქაც C ჰეპატიტი ამკიდეს",- განუცხადა სასამართლოს ყოფილმა პატიმარმა და დასძინა რომ, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 7 სხვადასხვა სახის დაავადება გაუჩნდა.
ყოფილი პატიმრების განმარტებით, მათ ზუგდიდის ციხეში აშიშვლებდნენ, კედლისკენ მიარუნებდნენ და ამის შემდეგ სცემდენ. ამსათან აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხხყოფას. მათივე თქმით, მსგავსი ფაქტები კვირაში 2-ჯერ ან 5-ჯერ ფიქსირდებოდა.
ამირან ჯანაშიას და რომეო როგავას მომდევნო სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 10 ნოემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, ზუგდიდის #მე-4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი დირექტორი ამირან ჯანაშია მიმდინარე წლის 18 იანვარს დააკავეს. ის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 30 ათასი ლარის გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა.
ჯანაშიას და როგავას საქმეზე, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ამ დროსთვის ბრალდების მხარის 20-მდე მოწმეა დაკითხული.
მასალის გამოყენების პირობები