აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დღეს, 25 ოქტომბერს ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნანა ოყუჯავას შეხვდა. შეხვედრა ზუგდიდის საოლქო კომისიაში დახურულ კარს მიღმა შედგა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები დემოკრატიის ინსტიტუციების გაძლიერების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, სამეგრელო, ზუგდიდი ამ პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ზუგდიდში მეოთხეჯერ ვიმყოფები და მახსოვს, გასულ წელს, როდესაც ვსტუმრობდი ამ საოლქო კომისიას , ატმოსფერო ბევრად დაძაბული იყო. წელს კვლავ ვიმყოფებით აქ და ატმოსფერო არის ბევრად უფრო მშვიდი. ზუგდიდს #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოყუჯავა დარწმუნებულია, რომ ზუგდიდში არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და ორგანიზებულად“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ელჩის განმარტებით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების საელჩომ შექმნა ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც ზუგდიდში, ისე მთელ საქართველოში. ამასთან, რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ ეს ჯგუფები ასევე უზრუნველყოფენ ხმების სამართიანად დათვლას.
მასალის გამოყენების პირობები