კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრების წარდგენასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მიმართავს, რომლებიც 27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდებიან:
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს
უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს, პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე არ ხდება საჩივრის ჩაბარება ან დაფიქსირებული დარღვევის აღმოფხვრა, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი განუხილველი დარჩება.
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, ასევე უფლება აქვთ გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაფიქსირებული დარღვევები და მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მიღებულ განცხადება/საჩივარს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც თავის მხრივ რეგისტრაციიდან ერთი კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივარს.
უფლებამოსილ პირებს, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, ოქმის გასაჩივრება შეუძლიათ ზემდგომ საარჩევნო კომისიაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კენჭისყრის დღის პროცედურებთან და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებით, შეიძლება გასაჩივრდეს 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები