სამეწარმეო მიზნებისთვის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისთვის მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, გაყიდვისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისთვის, ან საქონლის შეძენის დროს სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმისთვის, დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა 500 ლარიდან 5000 ლარამდე იზრდება. ცვლილების თანახმად, ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ხე-ტყე კონფისკაციას ექვემდებარება.
აღნიშნული ცვლილებები "საგადასახადო კოდექსში" შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. მთავრობის ინიციატივაა, რომ მოხდეს სანქციის გამკაცრება და იგი 500 ლარის ნაცვლად, 5000 ლარით განისაზღვროს.
როგორც საკითხის ინიციატორი განმარტავს, კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანა ხელს შეუწყობს ტყის საფარის განადგურებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც დაკავებული არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობით.
მასალის გამოყენების პირობები