ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 25-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ტრადიციულად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.
შეხვედრის პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია განიხილავს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის თაობაზე. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
"საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სავალალო ვითარებასთან დაკავშირებით, რაც განპირობებულია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ჯარის არალეგალური პოლიტიკითა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებისა და მიწათხრილების მოწყობით", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები