ევროსაბჭოს ოფისში, დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა გაიმართება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტოროს სამედიცინო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახური და სოციალური სამსახური, ასევე ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.
პროგრამაში დეტალურად გაიწერება ყველა პრაქტიკული რეკომენდაცია, რომელიც სამომავლოდ სავალდებულო სახეს მიიღებს. მისი მიზანია, პენიტენციურ სისტემაში პატიმართა შორის სუიციდის მცდელობების და სუიციდით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება.
პროგრამამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს თვითმკვლელობის რისკის მქონე პირთა დროული აღმოჩენა, მათთვის სათანადო ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული და სოციალური დახმარების მობილიზება და იმ პირთა დახმარება, რომელთაც სუიციდის მცდელობა უკვე ჰქონდათ.
პროგრამა როგორც ზრდასრულ პატიმრებს, ასევე არასრულწლოვან პატიმრებსაც მოიცავს და მის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
მსგავსი პროგრამების გამოცდილება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დანიას, ნორვეგიას, გერმანიას, ავსტრიას და სხვა ქვეყნებს, როგორც პენიტენციურ, ასევე საგანმანათლებლო სისტემებში.
ამ ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ ტიპის პროგრამები თვითმკვლელობის მაჩვენებელს საგრძნობლად ამცირებს და აადვილებს იმ ადამიანების აღმოჩენას, ვისაც დეპრესია, სუიციდური იდეები და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ემოციური კრიზისები ახასიათებთ.
აღნიშნული პროგრამის შექმნა საქართველოში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დახმარებით ხორციელდება.
შეხვედრაზე მედიის დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები