"შპს „მეცხრე არხი ინფო", რომელიც საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9“-ის სახელით იყო ცნობილი, 8 ნოემბერს 2 მილიონ ლარად გაიყიდა", - ამის შესახებ ინფორმაცია media.ge-მ გავრცელა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააგენტოს მფლობელი შპს „უნივერსალი-97“ გახდა. ამ კომპანიის მფლობელი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია Finseck Limited-ია, რომლის წარმომადგენელიც პრემიერ-მინისტრის დეიდაშვილი კახა კობიაშვილია. მასვე ეკუთვნის შპს "მეცხრე არხიც", რომელიც 2013 წლის აგვისტომდე მაუწყებლობდა. "ინფო 9"-ს ამ დრომდე სწორედ შპს "მეცხრე არხი" ფლობდა.
„ინფო 9“-ის გაყიდვის გადაწყვეტილებას ხელი „მეცხრე არხის“ ახალდანიშნულმა დირექტორმა, ვეფხვია დვალმა მოაწერა, რომელიც ამ თანამდებობაზე ლუბა ელიაშვილი შეცვალა. ეს გადაწყვეტილებაც კახა კობიაშვილმა მიიღო. ხელშეკრულების თანახმად, „მეცხრე არხის“ ახალ გენერალურ დირექტორ ვეფხვია დვალს ყოველთვიურად სახელფასო ანაზღაურება 1250 ლარი ექნება.
ვეფხვია დვალი სამშენებლო კომპანია „ფინსერვისი–XXI“-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა, რომლის მფლობელები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიებია. მათი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ კახა კობიაშვილია.
„მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-ის დახურვის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაცია მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გაავრცელა. არხის გენერალური დირექტორ ლუბა ელიაშვილის გადაწყვეტილებით, „მეცხრე არხმა“ მუშაობა იმავე საღამოს შეწყვიტა. მას მერე „მეცხრე არხი“ ღია ეთერში არ გასულა. საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-მ კი მუშაობა გააგრძელა.
მოგვიანებით, სააგენტოს ქონების განვადებით გადაცემისა და მუშაობის გაგრძელების თხოვნით, „ინფო 9“-ის მენეჯმენტმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მიმართა. ყოფილმა პრემიერმა გაითვალისწინა სააგენტო „ინფო-9“-ის მენეჯმენტის თხოვნა და მათ სააგენტოს ბრენდის, სახელი - „ინფო 9“, ვებმისამართის და არქივით სარგებლობის უფლება უსასყიდლოდ გადასცა. თანამშრომლებმაც ახალი კომპანია შპს "ინფო 9" შექმნეს და მუშაობა გააგრძელეს. ამჟამად ამ კომპანიის მფლობელები მანანა ელიაშვილი (30%) , ლუბა ელიაშვილი (40%), თენგიზ ქირია (20%) და შალვა ჯოხაძე (10%) არიან.
მასალის გამოყენების პირობები